შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ინფორმაციით, თემქაზე, მშენებლობაზე გარდაცვლილ მუშას სპეც-ფეხსაცმელი და დამცავი ღვედი არ ჰქონდა

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, პირველადი დათვალიერებით გამოვლინდა, რომ თემქაზე გარდაცვლილ მუშას სპეც-ფეხსაცმელი და დამცავი ღვედი არ ჰქონდა.

როგორც  ელზა ჯგერენაიამ განაცხადა, პირველადი დათვალიერების შედეგად, სპეც-ფეხსაცმლისა და დამცავი ღვედის არქონის გარდა, გამოვლინდა ხარაჩოების დამონტაჟების წესების დარღვევაც. მისივე ინფორმაციით, აუცილებელია, რომ სამშენებლო ობიექტებზე ინდივიდუალური დაცვის საშუალებები მოწესრიგებული იყოს.

„როდესაც ასეთი სველი ამინდია, ხარაჩოებზე მომუშავე მუშის ეკიპირება უნდა იყოს სათანადო. ეს გულისხმობს იმას, რომ სპეც-ფეხსაცმელი, ღვედები, ხარაჩოების დამონტაჟების წესები სტანდარტებთან შესაბამისობაში უნდა იყოს. სამწუხაროდ, პირველადი დათვალიერებით და თვითმხილველთა გამოკითხვით ასეთი დარღვევის ფორმები დადასტურდა“, - განაცხადა ელზა ჯგერენაიამ.

მისივე განცხადებით, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი მოკვლევით სამუშაოებს აგრძელებს.

როგორც ცნობილია, თემქაზე მშენებარე ობიექტიდან გუშინ მუშა გადმოვარდა, რომელიც გარდაიცვალა. მას საავადმყოფოში გადაუდებელი ოპერაცია უტარდებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მშენებლობის მესამე სართულიდან გადმოვარდა.