აფრიკის განვითარების ბანკმა ჩინური კომპანია „სინოჰიდრო“ თაღლითურ გარიგებებში ამხილა და „შავ სიაში“ შეიყვანა
„სინოჰიდრო“ საქართველოში ცენტრალური ავტომაგისტრალის ერთ-ერთი მსხვილი მშენებელია. ჩინურ კომპანიას რამდენიმე დიდი ტენდერი აქვს მოგებული და ავტომაგისტრალის მნიშვნელოვანი მონაკვეთებიც ააშენა. ის ამჟამად სამტრედია-გრიგოლეთის“ შემოვლით გზას აშენებს. სამტრედია-გრიგოლეთის შემოვლითი გზის მეორე ლოტის ღირებულება, რომელსაც ჩინელები აშენებენ, 254 მილიონი ლარია.
გასული წლის ივლისში, აფრიკის განვითარების ბანკმა „სინოჰიდროსთან“ ურთიერთობა საბოლოოდ გაარკვია. გამოძიებამ, რომელიც ბანკის ექსპერტებმა ჩაატარეს, დაადგინა, რომ ჩინური კომპანია თაღლითური გზით პროექტის ბიუჯეტის თანხებს ითვისებდა.
AFDB-ს მიერ დაფინანსებული პროექტების ფინანსების შესწავლის შემდეგ, ჩინური კომპანიის წარმომადგენლები დაქირავებულ ქვეკონტრაქტორებთან და მუშებთან კორუფციულ გარიგეგებში ამხილეს.
2013 წელს „სინოჰიდრომ“, აფრიკის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული, უგანდის საგზაო ინფრასტრუქტურის მხარდაჭერის პროექტი მოიგო. იმ შემთხვევაშიც, კომპანიამ კონტრაქტის პირობები არ შეასრულა და შემკვეთის ანტიკორუფციულმა ოფისმა არაკანონიერი კონტრაქტების გაფორმებაში და კორუფციულ გარიგებებში დაადანაშაულა.
„სინოჰიდრომ“ ზიმბაბვეში 533 მილიონი დოლარის ღირებულების ტენდერი მოიგო, რომელიც Hwange-ს ელექტრო სადგურის მშენებლობისთვის იყო გამოყოფილი. პროექტის შეფასების შედეგად აღმოჩნდა, რომ ტენდერის ფასი ხელოვნურად იყო გაზრდილი და რეალურ ღირებულებას 2-ჯერ აღემატებოდა.
„სინოჰიდროს“ განხორციელებული პროექტები ადგილობრივ მოსახლეობაზე და გარემოზე ნეგატიური გავლენის გამო მუდმივად კრიტიკის საგანია. მსგავსი პროექტების რიცხვშია ბოტსვანას აეროპორტის გაფართოების სამშენებლო სამუშაოები, რომელიც ჩინურმა კომპანიამ უხარისხოდ შეასრულა. პროექტის შემკვეთმა „სინოჰიდროს“ კონტრაქტი გაუწყვიტა, თუმცა ამ დროისთვის ჩინურ კომპანიას თანხის 90%, 527 მილიონ დოლარზე მეტი უკვე მიღებული ჰქონდა.
ჩინურ „სინოჰიდროს“ პრობლემები აქვს მეზობელ სომხეთშიც. კომპანია სომხეთის ჩრდილო-დასავლეთის მაგისტრალს აშენებს. სომხეთის ხელისუფლებამ ჩინელები არაერთხელ გააფრთხილა მშენებლობის ხარისხთან დაკავშირებით და გასული წლის ბოლოს, ხარვეზების გამოსწორებამდე, სამუშაოს გაგრძელება აუკრძალა.
წყარო: ბანკები და ფინანსები