ახალი სამუშაო კვირა დოლარის ვარდნით დაიწყო. ამერიკული ვალუტის ინდექსმა კლება განაახლა და კვლავ ბოლო სამი წლის მინიმუმამდე შემცირდა.
ამის მიზეზი ისაა, რომ ბიუჯეტის არდამტკიცების გამო, მუშაობა დროებით შეწყვიტა შეერთებული შტატების მთავრობამ. სანამ ამერიკის მთავრობა იძლებით უხელფასო შვებულებაშია, სავალუტო ბაზრის მთავარი ყურადღება იაპონიის და ევროპის ცენტრალური ბანკებისკენ არის მიმართული.
იაპონიის ბანკი სამშაბათს გადაწყვეტს, გააგრძელოს რბილი მონეტარული პოლიტიკა, თუ არა. დიდი ალბათობით (ინვესტორების მოლოდინის შესაბამისად), ბანკი ამჟამინდელ კურსს შეინარჩუნებს. ევროპის ცენტრალური ბანკისგან (ECB) კი სიურპრიზია მოსალოდნელი. ბევრი ანალიტიკოსის მოსაზრებით, სიურპრიზი იქნება, თუ ECB არაფერს შეცვლის და მის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებითაც ე.წ. მტრედულ პოზიციას (ანუ ეკონომიკის სტიმულირებას ძველი მოცულობით გააგრძელებს) გამოავლენს.
ამ შემთხვევაში, ევროს აღმასვლის შეჩერებაა მოსალოდნელი. ეს აღმასვლა 2018 წლის პირველივე დღეებში დაიწყო, რითაც შარშან დაწყებული, ევროს გამყარების პროცესი გაგრძელდა. ამის მიზეზი კი იყო იმის მოლოდინი, რომ ECB მალე შეწყვეტს ეკონომიკის სტიმულირებას და ევროს საპროცენტო განაკვეთის ნორმალიზაციის გეგმას დასახავს. ამ მოლოდინს ევროზონის ეკონომიკის სწრაფი ზრდა განაპირობებს.
„სოსიეტე ჟენერალის“ ლონდონის ოფისის სავალუტო სტრატეგის, ელვინ ტანის თქმით, ერთადერთი ფაქტორი, რასაც სავალუტო ბაზარზე არსებული სიტუაციის სწრაფად შეცვლა შეუძლია, აშშ-ის მთავრობის მუშაობის განახლება შეიძლება გახდეს. ეს კი დოლარის გამყარებას გამოიწვევს. ამის გარეშე კი სავალუტო ბაზრის ყურადღება მთლიანად იაპონიის და ევროპის ცენტრალური ბანკებისკენ იქნება მიპყრობილი.
დემოკრატებმა და რესპუბლიკელებმა ვერ შეძლეს შეთანხმება იმიგრაციისა და საზღვრის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და ამის გამო, ფაქტობრივად ვერ განიხილეს მთავრობის დაფინანსების საკითხი. ამის გამო, შეერთებული შტატების მთავრობამ პარასკევს შუაღამით მუშაობა შეაჩერა. კვირას კი სენატში ორი ძირითადი პარტიის წარმომადგენელთა სპეციალური შეხვედრა ჩატარდა. მაგრამ სენატის უმრავლესობის ლიდერ, მიჩ მაკკონელის თქმით, შეხვედრა შეწყდა და ის დღეს გაგრძელდება.
დოლარის ინდექსი, რომელიც ექვსი წამყვანი ვალუტის მიმართ ამერიკული ვალუტის საშუალო კურსს წარმოადგენს, ჯერ 90.155-მდე შემცირდა, შემდეგ კი 90.665-მდე მოიმატა. ამგვარად, ის მჭიდროდ მიუახლოვდა ბოლო სამი წლის მინიმუმს (90.113), რომელიც ხუთშაბათს დაფიქსირდა.
მერაბ ლორთქიფანიძე