სამხრეთ კორეის მთავრობა, ციფრული ვალუტებით მოვაჭრე პლატფორმებისთვის, ახალი რეგულაციის შემოღებას აპირებს, რომელიც მათ ტრანზაქციების მონაცემების ბანკებისთვის გაზიარებას დაავალდებულებს. ახალი ამბების ადგილობრივი სააგენტოს ინფორმაციით, ახალი სისტემის შემუშავება ამ თვის ბოლოს ან მომავალი თვის დასაწყისისთვის უნდა დასრულდეს.
ახალი კანონის შესაბამისად, ბანკებს უფლება ექნებათ, შეამოწმონ ციფრული ვალუტების ტრანზაქციები, რათა დარწმუნდნენ, შეესაბამება თუ არა ტრანზაქციები მოთხოვნებს. ამჟამად ბანკებს ვირტუალური ანგარიშების შეთავაზება ეკრძალებათ. ეს კი ციფრული ვალუტებით ოპერაციების ჩასატარებლად აუცილებელია. ახალი კანონის მიზანი ის იქნება, რომ ციფრული ვალუტების ბაზარი ლეგალურობის ფარგლებში მოექცეს.
ციფრული ვალუტების ანონიმური ანგარიშების გახსნა აკრძალულია, თუ ბანკები სპეციალურ სისტემებს არ გამოიყენებენ, რომლებიც გარანტიას იძლევა, რომ დეპოზიტების გასახსნელად და ანგარიშიდან ფულის მოსახსნელად, რეალური საბანკო ანგარიშები იქნება გამოყენებული. ახალი წესების შესაბამისად, მთავრობას საჭიროების შემთხვევაში, ბანკების მეშვეობით, ტრანზაქციების მონაცემების გაკონტროლების შესაძლებლობა მიეცემა. ამ უფლებას მთავრობა საგადასახადო ვალდებულებების შესამოწმებლად გამოიყენებს.
სამხრეთ კორეაში ციფრული ვალუტების ბაზარი მაღალი სპეკულატიურობით გამოირჩევა. იქაურ პლატფორმებზე ციფრული ვალუტები ხშირად იმაზე ძვირად ფასობს, ვიდრე მსოფლიო ბაზარზე. იმავდროულად, ეს ქვეყანა მსოფლიოში ციფრული ვალუტების ერთ-ერთი უდიდესი ბაზარია.
ამჟამად სამხრეთ კორეის მთავრობა, ციფრული ვალუტებით ვაჭრობის რეგულაციის რამდენიმე ვარიანტს განიხილავს. მათ შორის, ციფრული ვალუტებით ვაჭრობის სრული აკრძალვაც განიხილება.
მერაბ ლორთქიფანიძე