მოგვარდება თუ არა თბილისში პარკინგის პრობლემა? – მენაშენეების რეკომენდაციები დედაქალაქის მერს

თბილისში პარკინგის დარეგულირების ინიციატივით დედაქალაქის მერისთვის მიმართვის შემდეგ „მენაშენეთა ასოციაცია“ პრიორიტეტულ პუნქტებს აქვეყნებს. მათივე ცნობით, სასურველია რომ დეველოპერების მიერ ასაშენებელი სავალდებულო პარკინგის ადგილების ოპტიმიზაცია მოხდეს.

„მენაშენეთა ასოციაცია“ დედაქალაქში პარკინგის პრობლემის წარმოქმნის მიზეზს რამდენიმე თეზისად აყალიბებს, მათ შორის ერთ-ერთია „რკინის ფარეხები“, რაც დღეს „თბილისის იერსახის „დაკანონებულ სიმახინჯეებად“ არის ქცეული.

„მენაშენეთა ასოციაციის“ პირველი რეკომენდაცია გულისხმობს მშენებლობაში პარკინგების რეგულირებას. არსებული რეგულაციებით, დედაქალაქის ცენტრალურ უბანში კორპუსის აშენებისას, მშენებარე კომპანია ვალდებულია ყოველ 150 კვადრატულ მეტრ საცხოვრებელ ფართობზე, ხოლო პერიფერიულ უბნებში ყოველ 180 კვადრატულ მეტრზე – ერთი პარკინგის ადგილი ააშენოს.

აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი ბინების ოპტიმალური განლაგებისთვის საჭირო კოლონების, სავენტილაციო სისტემების განლაგება, პარკირებისთვის ოპტიმალური გეგმარების შექმნასთან შესაბამისობაში ვერ მოდის. ამდენად, ერთი მანქანის ადგილისთვის მშენებელს უწევს არა 18 კვადრატული მეტრის აშენება (3X6 მეტრზე სივრცე), როგორც ამას დილეტანტები ვარაუდობენ, არამედ 50-დან 80 კვადრატულ მეტრამდე ფართის მშენებლობა. შესაბამისად, დეველოპერებისთვის პარკინგების მშენებლობა წამგებიანია.

მეორე მხრივ, როცა დეველოპერი პარკინგის ადგილს ბინასთან ერთად ყიდის, ეს კონკრეტული ფართი მყიდველს ეკუთვნის და იქ სხვა, მესამე პირის შესვლა ვერ ხერხდება. როდესაც ამ პარკინგის მესაკუთრე სამსახურში მიდის, პარკინგის ადგილი მთელი დღის განმავლობაში უქმად არის.

მერიას ვთავაზობთ მნიშვნელოვან ინიციატივას - მოვახდინოთ დეველოპერების მიერ ასაშენებელი სავალდებულო პარკინგის ადგილების ოპტიმიზაცია. კერძოდ, დავუტოვოთ დეველოპერს სავალდებულო პარკინგების რაოდენობა, მაგრამ მივცეთ საშუალება, რომ ააშენოს იმდენი, რამდენის სურვილიც მას აქვს. იმ შემთხვევაში თუ სავალდებულო რაოდენობაზე ნაკლები ააშენა, თითოეულ არაშენებულ პარკინგზე გადავახდევინოთ პირობითად, „პარკინგის მოსაკრებელი“ (შესაძლებელია განსხვავებული თანხა უბნების მიხედვით. თუმცა, ეს შემდგომი დეტალური დამუშავების საგანია). ამ თანხის აკუმულირება მერიის სპეციალურ ფონდში უნდა მოხდეს, რომელიც პარკინგის ინფრასტრუქტურის მშენებლობას მოხმარდება. ამდენად, დეველოპერისთვის მომგებიანიც კი იქნება პარკინგის შემცირებული რაოდენობის სანაცვლოდ სოლიდური კომპენსაციის გადახდა ე.წ. „პარკინგის ფონდში“, – აცხადებენ „მენაშენეთა ასოციაციაში“.

მენაშენეების აზრით, ასეთი მიდგომით დედაქალაქი საპარკინგე შენობების ასაშენებლად დამატებით შემოსავლებს მიიღებს.

„საპარკინგე შენობები, რომელიც თავიდანვე მხოლოდ ამ ფუნქციისთვის იგეგმება, ბევრად ოპტიმალური იქნება გეგმარებით და ხარჯით. შედეგად მივიღებთ საზოგადობერივ საპარკინგე ადგილებს, სადაც ღამის განმავლობაში მანქანებს დააყენებს მოსახლეობა, ხოლო დღის განმავლობაში სამსახურში წასული ადამიანები ისარგებლებენ ამ ადგილებით. ანუ ასეთ პარკინგს ორმაგი ეფექტი მოაქვს“.

„მენაშენეთა ასოციაცია“ პარკინგის პრობლემის მოგვარების ინიციატივას კახა კალაძის პროგრამის „შენი იდეა მერს“ ფარგლებში წარმოადგენს. ასოციაცია რეკომენდაციების დაახლოებით, 12–პუნქტიან პაკეტზე მუშაობს და ყველა პროფესიონალს - ურბანისტებს, არქიტექტორებს, მეგზევეებსა თუ სხვებს ჩართულობისკენ მოუწოდებს.