საქართველო-უზბეკეთს შორის შესაძლოა პირდაპირი ფრენები დაინიშნოს

საქართველო-უზბეკეთს შორის შესაძლოა პირდაპირი ფრენები დაინიშნოს, - აღნიშნული საკითხი გუშინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, აბდულა არიპოვმა ტაშკენტში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.

როგორც პარლამენტის პრესსამსახურიდან იუწყებიან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის უზბეკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების მთავარ საკითხებს შეეხო.

მხარეებმა ყურადღება სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობაზე და ამ მიმართულებით არსებულ პოტენციალზე გაამახვილეს. ისაუბრეს, ასევე ახალი აბრეშუმის გზის პროექტზე. აღინიშნა, რომ პროექტში მონაწილეობა სასარგებლო იქნება მასში ჩართული ქვეყნებისთვის.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უზბეკეთის რეპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასა და მიღწეულ პროგრესზე ესაუბრა.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციაში დეპუტატები: ზვიად ძიძიგური, სიმონ ნოზაძე, კახა ოქრიაშვილი, ენზელ მკოიანი, ლევან ბეჟანიძე, ბექა ოდიშარია და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.