„თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას გამოვკვებოთ ყველა, ამიტომ მომავლის მთავარ საფრთხედ გვესახება არა შიმშილი, არამედ სურსათის ხარისხი“ - აცხადებს გაეროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის განყოფილების წარმომადგენელი, ევგენია სეროვა.
მისი თქმით, სურსათი ნამდვილად საკმარისია, ოღონდ ამ ეტაპზე ის არ არის იქ, სადაც უნდა იყოს, ან ადამიანებს არ შეუძლიათ მისი შეძენა იმის გამო, რომ ფული არ აქვთ. „თუ თქვენ შეადარებთ ჩვენი ორგანიზაციის წინა სამოქმედო გეგმას (გავუმკლავდეთ ქრონიკულ შიმშილს) და ახლანდელ პრიორიტეტებს, რომელიც მდგრად განვითარებაზეა ორიენტირებული, შეამჩნევთ, რომ ამჯერად დასახული მიზანი უფრო ამბიციურია. ამჯერად ჩვენ შიმშილის სრულ აღმოფხვრას ვისახავთ მიზნად და ამასთან ერთად საკვების ხარისხის უზრუნველყოფასა და სოფლის მეურნეობის მდგრადობას“, - განაცხადა სეროვამ.
მისივე განცხადებით, მსოფლიოში უახლოეს მომავალში ანტიბიოტიკები დაკარგავენ შესაძლებლობებს დაგვიცვან დაავადებებისგან, ხოლო საკვების წარმოება მოხდება ნავთობპროდუქტების გადამუშავებული ნარჩენების საფუძველზე, ეს კი ნიშნავს, რომ პროდუქტების წარმოების გლობალურ ზრდასთან ერთად, იზრდება მისი უსაფრთხოების რისკები და ეს საკმაოდ ახალი და რთული პრობლემაა.
მისივე განცხადებით, არსებული მიდგომით სულ მალე საკვების წარმოებისთვის ჩვენ დაგვჭირდება 50%-ით მეტი მიწა, წყალი და სხვა რესურსი, მაგრამ თუ ადამიანები შეამცირებენ დანაკარგებს, წარმოების გაზრდის საჭიროება შემცირდება მხოლოდ 28%-მდე. „ამისთვის კი საჭიროა საზოგადოებრივი ცნობიერების მასობრივი ამაღლება. ადამიანებმა უნდა შეიგნონ, რომ აქამდე არსებული ეკონომიკური ზრდის პარადიგმის გაგრძელება შეუძლებელია,“ - დასძინა მან.
კოკა კვირკველია