ევროკავშირის „შავი სიიდან“ ნახევარზე მეტს ამოიღებენ

ევროკავშირის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრების საბჭო დღევანდელ სხდომაზე ევროკავშირის მიერ ე.წ. „შავ სიაში“ შეყვანილი ქვეყნების ნახევარს სიიდან ამოიღებს.

საუბარია იმ ქვეყნებზე, რომლებიც ერთგვარი ფინანსური სამოთხეა გადასახადების არაგადამხდელებისთვის.

სია, სადაც მოხვდნენ ქვეყნები, რომლებიც არ თანამშრომლობენ ევროკავშირთან საგადასახადო საკითხებში, პირველად გასული წლის ბოლოს შეიქმნა და მასში 17 სახელმწიფო მოხვდა.

როგორც ევროკავშირთან დაახლოებული წყარო აცხადებს, ამ სიიდან დღევანდელი სხდომის შემდეგ ამოიღებენ ბარბადოსს, გრენადას, სამხრეთ კორეას, მაკაოს, მონღოლეთს, პანამას, ტუნისსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს. ამ ქვეყნების სიიდან ამოღება მას შემდეგ გადაწყდა, რაც მათ გამოთქვეს მზადყოფნა, შეცვალონ ან კორექტივები შეიტანონ საკუთარ საგადასახადო კანონმდებლობაში. ამ ეტაპზე ეს ქვეყნები ე.წ. „რუხ სიაში“ გადაინაცვლებენ, სადაც უკვე იმყოფება ზოგიერთი სხვა ქვეყანა. ამ სიიდან ქვეყნების ამოღება მათი მხრიდან უკვე ინიცირებული კანონპროექტებისა და ცვლილებების იმპლემენტაციის შემდეგ მოხდება.

არსებულ „შავ სიაში“ კი დარჩება 9 ქვეყანა, რომელთა შორის არიან: ბაჰრეინი, ნამიბია, მარშალის კუნძულები და ტრინიდადი და ტობაგო. ამ ქვეყნების მიმართ ევროკავშირი სანქციების დაწესების უფლებას იტოვებს.

კოკა კვირკველია