მესტიის გამგებელი – ნენსკრა ჰესის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს

„ნენსკრა ჰესის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობის 80%-ზე მეტი უჭერს მხარს“, - კომპანია "ნენსკრა ჰიდროს" ინფორმაციით, ამის შესახებ მესტიის გამგებელმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია "ნენსკრა ჰიდროდან" აცნობეს, ჟორჟოლიანის თქმით, პროექტის პერსპექტივის გათვალისწინებით, საკმაოდ გაზრდილია ადგილობრივი შემოსავლებიც.

"ნენსკრა ჰესიდან გასულ წელს ადგილობრივმა ბიუჯეტმა 2,2 მლნ ლარი მიიღო, რაც ისეთი მუნიციპალიტეტისთვის, როგორიც სვანეთია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია", - განაცხადა გამგებელმა ”საქმიან დილაში”.

მისივე თქმით, საუბარი იმის შესახებ, რომ ჰიდროელექტროსადგურის გამო სვანეთში 700 ჰა ტყის მასივი იჩეხება, არასწორია. მისივე განცხადებით, პროექტის ყველაზე დიდი რეზერვუარი 267 ჰა ფართობს მოიცავს.

კაპიტონ ჟორჟოლიანმა საუბრისას განაცხადა, რომ "განუკითხაობის პერიოდში, 2013 წლამდე" მოსახლეობა ამ რაოდენობის ტყეს 2 დღეში ჩეხავდა და საშეშედ იყენებდა.

კომპანია "ნენსკრა ჰიდროს" ინფორმაციით, 280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურს "საპარტნიორო ფონდი" პარტნიორ კორეულ კომპანია K-Water-თან ერთად სვანეთში, ენგურის შენაკადზე აშენებს.

„სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტი საბოლოოდ 2021 წელს დასრულდება. მშენებლობას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული უმსხვილესი იტალიური კომპანია Salini Impregilo ქართულ კონტრაქტორ სამშენებლო კონსორციუმთან GCC ერთად ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლრდ აშშ დოლარია“, – აცხადებენ კომპანიაში.