საქართველოში ბანკების მოგება წელს დაახლოებით 900 მილიონ ლარამდე გაიზრდება

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის, ოთარ ძიძიკაშვილის პროგნოზით, საქართველოში არსებული ბანკების მოგება წელს დაახლოებით 900 მილიონ ლარამდე გაიზრდება - აღნიშნული მან დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ამოქმედების შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, 2017 წელს საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ დაახლოებით 800 მილიონი ლარი შეადგინა.

როგორია მიმდინარე წლის პროგნოზები და რის საფუძველზე შეიძლება გაეზარდოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კომერციულ სექტორს მოგება, ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი კეპულაძეს ვესაუბრეთ. მისი შეფასებით, ქვეყანაში ფინანსური სექტორის მოგება ყოველ წელს იზრდება და სავარაუდოდ, წელსაც ამ მიმართულებით დადებითი ტრენდი იქნება.

"სავარაუდოდ, ბანკების წმინდა მოგება წელსაც გაიზრდება. მოგება განაპირობა იმან, რომ საქართველოს საბანკო სექტორი მუდმივად განვითარებადია, ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სექტორია, წამყვანი ბანკები ლონდონის საფონდო ბირჟაზე არიან გასულები და შესაბამისად, ისინი ცდილობენ, რომ მაღალკვალიფიციური მენეჯმენტი დაიქირავონ, კარგად იმუშაონ და ამით თავიანთი მოგება გაზარდონ. საბოლოო ჯამში, წარმოუდგენელია, ბანკებმა მოგება ისე ნახონ, რომ ქვეყანა არ განვითარდეს. თუ ქვეყანა ეკონომიკურად განვითარდება, ბანკებიც თავიანთ მოგებას რა თქმა უნდა, გაზრდიან, მეტ კლიენტს მოიზიდავენ და ადამიანებსაც მომავლისადმი რწმენა მეტად ექნებათ და ეცდებიან საკუთარი კომფორტი გაზარდონ, მეტი ბინა, ავტომობილი, ტექნიკა შეიძინონ, მეტი გაარემონტონ და ამისთვის საბანკო სესხი გამოიყენონ", - განმარტავს გიორგი კეპულაძე.

რაც შეეხება მიღებული მოგების წყაროს, გიორგი კეპულაძის განმარტებით, გარდა ჩამოთვლილი ფაქტორებისა, ბანკები მოგებას ძირითადად, სესხის გაცემით იღებენ.

"ბანკის აქტივი არის სესხი, ანაბარი და დეპოზიტი მისთვის ვალდებულებაა, თავისთავად, ბანკები ძირითად მოგებას, რა თქმა უნდა, სესხების გაცემით იღებენ, მაგრამ იმისთვის, რომ სესხები გასცენ, ანაბრები უნდა მოიზიდონ. თავისთავად ამის დაბალანსება და რისკების გათვლა უწევთ. მაგრამ ძირითადი აქტივი რა თქმა უნდა, არის ბანკისთვის გაცემული სესხები და მნიშვნელოვანია, რომ სესხების ნაწილში ყველაფერი დაბალანსებული და სწორად გათვლილი იყოს", - აღნიშნავს "საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარე. იხილეთ გაგრძელება