ნავთობის ფასმა დღეს ზრდა გააგრძელა, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ, გლობალური ეკონომიკური ზრდის ტემპის მომატების პროგნოზი გამოქვეყნდა. გარდა ამისა, ფასის დადებით დინამიკას, კვლავ OPEC-ის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდების შეზღუდვის შეთანხმება განაპირობებს.
დღეს ამერიკის ნავთობის ინსტიტუტი (API), შეერთებულ შტატებში ნავთობის და ნავთობპროდუქტების მარაგების ყოველკვირეულ სტატისტიკას გამოაქვეყნებს. ხვალ კი ენერგიის ინფორმაციის ადმინისტრაცია თავის ოფიცალურ ინფორმაციას გამოაქვეყნებს. პროგნოზით ნავარაუდებია, რომ ნავთობის მარაგი 1.3 მილიონი ბარელით იქნება შემცირებული. და თუ ეს პროგნოზი გამართლდა, ეს იქნება ზედიზედ მეათე კვირა, როცა მსოფლიოს ლიდერ მომხმარებელ ქვეყანაში მარაგი მცირდება.
დღეს ამერიკული დასავლეთ ტექსასური მარკის (WTI) ნავთობის ფასი 30 ცენტით (0.5 პროცენტით), 63.87 დოლარამდე გაიზარდა. ცნობისათვის, 16 იანვარს ამერიკული მარკის ნავთობის ფასმა 64.89 დოლარს მიაღწია, რაც 2014 წლის დეკემბრის შემდეგ უმაღლესი მაჩვენებელია.
ორშაბათს მსოფლიო ლიდერმა ნავთობის მოპოვებაში, საუდის არაბეთმა გამოაცხადა, რომ OPEC-ის ქვეყნებმა მიწოდების შეკვეცის შეთანხმება 2018 წლის შემდეგაც უნდა გააგრძელონ. ახლანდელი მდგომარეობით, აღნიშნული შეთანხმება მიმდინარე წლის ბოლოს ამოიწურება. როგორც საუდის არაბეთის ენერგიის მინისტრი, ხალიდ ალ-ფალიჰი ამბობს, მიმდინარე შეთანხმების დასრულების შემდეგ, OPEC-ის წევრმა და არაწევრმა ქვეყნებმა, ახალი ტიპის შეთანხმება უნდა გააფორმონ და არა უბრალოდ, მოქმედი შეთანხმება გააგრძელონ.
ივნისში ნავთობის ფასი 43 დოლარი იყო, მას შემდეგ კი დაახლოებით 50 პროცენტით გაიზარდა. ამის ძირითად მიზეზი, სწორედ ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) მიერ მიწოდების შეკვეცის შეთანხმების გაგრძელებაა. ბოლოს ეს შეთანხმება დეკემბერში გაგრძელდა. მის შესაბამისად, ორგანიზაციის ქვეყნები, ბაზარზე დღიური მიწოდების 1.8 მილიონი ბარელით შეკვეცის ვალდებულებას კისრულობენ.
იმავდროულად, ფასის ზრდა მომგებიანს ხდის ამერიკაში ფიქალური საბადოების დამუშავებას. შესაბამისად, შეერთებულ შტატებში მოპოვება იზრდება და მალე ალბათ მისი დღიური მოცულობა 10 მილიონ ბარელს ასცდება. ამას OPEC-ის შეთანხმების ფაქტორის ნაწილობრივ ან სრულად განეიტრალება შეუძლია.