თბილისის მერიამ დედაქალაქში მოქმედი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების კვებით უზრუნველყოფაზე 2 ტენდერი გამოაცხადა. ორივე ტენდერში წინადადებების მიღება 29 იანვარს იწყება და 31 იანვარს სრულდება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ბაღების კვებით უზრუნველყოფაზე თბილისის მთავრობა 9 050 559 ლარის დახარჯვას გეგმავს, მარცხენა სანაპიროზე მდებარე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებზე კი 25 244 815 ლარის.
დოკუმენტაციის მიხედვით, „მიმწოდებელმა“ (მარცხენა სანაპიროს შემთხვევაში) უნდა უზრუნველყოს 2018 წლის 19 თებერვლიდან 2018 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით (165 დღე) 44862 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის და 2018 წლის 2 ივლისიდან 2018 წლის 31 ივლისის ჩათვლით (22 დღე) 13380 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის (დღეში სამჯერადი ძირითადი კვებითი და ერთი წახემსების გათვალისწინებით) მომსახურების გაწევა, ყოველდღიურად, შემსყიდველის წერილობითი დავალების შესაბამისად.
მარჯვენა სანაპიროზე მდებარე საბავშვო ბაღების შემთხვევაში კი „მიმწოდებელმა“ უნდა უზრუნველყოს 2018 წლის 19 თებერვლიდან 2018 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით (165 დღე) 16103 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის და 2018 წლის 2 ივლისიდან 2018 წლის 31 ივლისის ჩათვლით (22 დღე) 4651 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი ძირითადი კვებითი და ერთი წახემსების გათვალისწინებით მომსახურების გაწევა.
„საკვები პროდუქტის ხარისხი უნდა აკმაყოფილებდეს ქვეყანაში არსებულ სტანდარტებს ისევე, როგორც დოკუმენტაციაზე თანდართული დანართი N5-ით გათვალისწინებულ ტექნიკურ და ხარისხობრივ მაჩვენებლებს;
ხორცის პროდუქტები (საქონლის ხორცი, ქათამი,) უნდა იყოს არაგაყინული, ყოველ შემოტანილ პროდუქციას უნდა ახლდეს ვეტერინალური მოწმობები (ფორმა#2). პროდუქციის უვნებლობა, ხარისხი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს“, - აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.