BMW და Daimler-ი ერთიანდებიან?

გერმანული კომპანიები Daimler და BMW ახლოს არიან შეთანხმებასთან, რომელიც ითვალისწინებს მათი ბიზნესების გაერთიანებას ავტომობილების გაქირავების თვალსაზრისით. საუბარია კომპანიებზე Car2Go და DriveNow.

როგორც „როიტერსი“ წერს, შეთანხმება ბოლო სტადიაზეა და კომპანია, რომელიც შეიქმნება, შეთანხმების თანახმად დამოუკიდებელი მოთამაშე იქნება, ხოლო მისი შემქნელები კი მსხვილი მეწილეები.

შეთანხმება, რომელზეც ჭორები უკვე წელიწადია ვრცელდება, კონკურენციას გაუწვეს ამერიკული კომპანია Uber-ის ანალოგიურ სერვისს.

კომპანია Daimler-ის Car2Go, 2008 წელს შეიქმნა და საკუთარ თავს ახასიათებს, როგორც მსოფლიოს უმსხვილეს მანქანების გამქირავებელ კომპანიას. ის 14 ათას ავტომობილს აქირავებს აშშ-ს, ევროპისა და ჩინეთის მასშტაბით. კომპანიის მომხმარებელთა რაოდენობა 2017 წელს 30%-ით თითქმის სამ მილიონამდე გაიზარდა და აქედან 870 ათასი მოდის გერმანიაზე.

რაც შეეხება BMW-ს მიერ დაფუძნებულ DriveNow-ს, ის 2011 წელს შეიქმნა კომპანია Sixt-თან ერთად და დღეისათვის ევროპის წამყვან ქალაქებში 6000 ავტომობილს აქირავებს. კომპანიის მომხმარებელთა რაოდენობა მილიონამდეა, აქედან 720 ათასი მოდის გერმანიაზე.

გერმანული გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung-ის ინფორმაციით, ორივე ბრენდი შეინარჩუნებს საკუთარ სახელს, მაგრამ ექნებათ საერთო ტექნოლოგია და ეს შეთანხმება უკვე თებერვალში გაფორმდება.

კოკა კვირკველია