საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, ევროკავშირის მხარდაჭერით, 12 მილიონი ევროს ღირებულების პროექტი იწყება

საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, ევროკავშირის მხარდაჭერით, 12 მილიონი ევროს ღირებულების პროექტი იწყება.

ახალი პროექტი ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) III ფაზის ფარგლებში, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ ხორციელდება.

დღეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა საქართველოში, რაიმუნდ იელემ ევროკავშირის ENPARD-ის III ფაზის ფარგლებში სოფლის მეურნეობის განვითარების ხუთწლიანი პროექტის განხორციელების შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს FAO-ს მიერ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერას ეფექტიანი პოლიტიკის შემუშავებასა და „სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგიის“ განხორციელებაში. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის საპილოტე ღონისძიება - ფერმერების, ფერმერული კოოპერატივების, მეწარმეებისა და მცირე და საშუალო საწარმოებისთვის გათვალისწინებულია საინფორმაციო და საგანმანათლებლო აქტივობები, ასევე, ინდივიდუალური გრანტები, რაც მათ კონკურენტუნარიანობას აამაღლებს.

2013 წელს, ENPARD-ის პირველი ფაზის დაწყებიდან დღემდე, FAO-მ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო განვითარების მხარდასაჭერად რამდენიმე პროექტი განახორციელა. FAO-ENPARD-ის პირველი ორი პროექტი ითვალისწინებდა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ტექნიკური დახმარების გაწევას და სამინისტროს პერსონალის შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობას. გარდა ამისა, FAO-მ „სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგიის“ ცალკეული კომპონენტების იმპლემენტაციაზე იზრუნა, კერძოდ: სასოფლო-სამეურნეო კოოპერაცია, ექსტენციის სერვისების ხელმისაწვდომობა, სტატისტიკური/ანალიტიკური შესაძლებლობები, ღირებულებათა ჯაჭვის და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარება. ENPARD III-ის ფარგლებში დაწყებული ახალი პროექტი პირველ ორ ეტაპზე FAO- ს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგებს დაეფუძნება.

„ENPARD-ის I და II ფაზების ფარგლებში, FAO-მ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერებაზე იმუშავა, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა ENPARD III-ის ფარგლებშიც გაგრძელდება. ახალი პროექტით FAO საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას ქართველ ფერმერებს და მწარმოებლებს უფრო ინტენსიურად გაუზიარებს, რათა მათ ჰქონდეთ უკეთესი წვდომა კარგ სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკებზე, თანამედროვე ცოდნაზე და ტექნოლოგიებზე“, - განაცხადა FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში, რაიმუნდ იელემ.

პროექტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიალს ევროკავშირის (EU) დელეგაციის ატაშე, პროგრამის მენეჯერი კრისტინა კასელა დაესწრო. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი მზადაა დაეხმაროს საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებასა და მოქალაქეთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.

„FAO-სა და სამინისტროს მიერ დღეს ხელმოწერილი შეთანხმება პირველია, რომელიც ENPARD-ის პროგრამის III ფაზის ფარგლებში გაფორმდა. პროგრამის მესამე ეტაპის დაწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ოფიციალურად გასული წლის დეკემბერში გამოაცხადეს. 2013 წელს, ENPARD-ის პროგრამის დაწყებიდან დღემდე, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის ევროკავშირი საქართველოს ძლიერ და თანმიმდევრულ მხარდაჭერას უწევს. პროგრამის ფარგლებში შემუშავდა ახალი საწარმოო მოდელები და სტიმული მიეცა სოფლის მეურნეობაში თანამედროვე სერვისების განვითარებას. ჩვენი შეფასებით, ENPARD-ის პროგრამით საქართველოში სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დაახლოებით მესამედმა, ამა თუ იმ ფორმით, ისარგებლა. ახლახანს დაწყებული მესამე ფაზის ფარგლებში, ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ მთავრობის მხარდაჭერას, რათა ხელი შევუწყოთ სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას", - განაცხადა კრისტინა კასელამ.