პრეზიდენტ ტრამპს შეუძლია „მოკლას“ უმსხვილესი სავაჭრო შეთანხმება ამერიკას, კანადასა და მექსიკას შორის, თუ რამე მნიშვნელოვანი კომპრომისი არ იქნა მიღწეული უახლოეს დღეებში.
როგორც CNN წერს, ”ჩრდილო ამერიკული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების” (NAFTA) გადასარჩენად ხუთშაბათს კანადის ქალაქ მონრეალში მეექვსე რაუნდის მოლაპარაკებები გაიმართება, სადაც უნდა მოხდეს შეთანხმების განახლება. თუმცა აღსანიშნავია, რომ წინა ხუთი რაუნდის განმავლობაში რაიმე განსაკუთრებული შედეგისთვის არ მიუღწევიათ და ამის შემდეგ მხოლოდ ერთი რაუნდი რჩება, რის შემდეგაც დონალდ ტრამპი მის მუქარას სისრულეში მოიყვანს და დატოვებს ორგანიზაციას.
1994 წელს ბილ კლინტონის მიერ ხელმოწერილი NAFTA აშშ-ს, კანადასა და მექსიკას თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს. წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპი მას "ყველა დროის ყველაზე ცუდ სავაჭრო შეთანხმებად მოიხსენიებდა". როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპმა NAFTA-ზე მისი წინასაარჩევნო კამპანიისას დაპირებებიც გასცა და აცხადებდა, რომ ამ შეთანხმებით მოგებული მხოლოდ მექსიკა რჩებოდა, რომელიც ამერიკაში მილიარდობით დოლარს შოულობდა. ცნობისათვის, აშშ-ში მექსიკის იმპორტის 2/3-ზე მეტი სინამდვილეში ამერიკული პროდუქციაა, რადგანაც მათ მექსიკაში ამერიკული კომპანიები ამზადებენ, შესაბამისად მსგავსი გადაწყვეტილება აშშ-ის ეკონომიკაზეც ნეგატიურ გავლენას იქონიებს.
კოკა კვირკველია