ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა არ არის მიმართული იმაზე, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ თანხების მობილიზება ან ამოღება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ ჟურნალისტებს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ტაქსების რეგულირების საკითხის კომენტირებისას განუცხადა.
როგორც ბითაძემ განმარტა, მძღოლებს რეგისტრაციისთვის პირველ ეტაპზე მარტივი ნორმების დაკმაყოფილება მოუწევთ, კერძოდ, მათ უნდა ჰქონდეთ ტაქსის ტრაფარეტი და ნებართვა, რომლითაც დადასტურდება, რომ ისინი ამ საქმიანობით არიან დაკავებულები.
"ეს არის თემა, რომელიც წლების განმავლობაში დაურეგულირებელი იყო. ვიწყებთ სამართლებრივი საფუძვლების შექმნას. პირველი ეტაპი ტაქსების რეგულირების მოიცავს რეგისტრაციის ნებართვის აღების ძალიან მარტივ ფორმას, რომელიც ტვირთად არ დააწვება ამ ადამიანებს, რომლებიც დღეს ამ საქმიანობით არიან დაკავებულები. იქნება მოთხოვნა, რომ მათ ჰქონდეთ ტრაფარეტი და ის ნებართვა, რომელიც დაადასტურებს, რომ ისინი ამ საქმიანობით არიან დაკავებულები. ეს არის საკანონმდებლო აქტის პროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტს ჩვენი ავტორობით წარედგინება და გააჩენს სამართლებრივ საფუძველს იმისთვის, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ შეძლოს შეესაბამისი სანებართვო ფორმის დამზადება, სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომელიც კონკრეტულად დროში გაწერს 2018 წლის რომელი თვიდან დაიწყება ტაქსისთვის ნებართვების გაცემა. ეს არის ძალიან მარტივი რეგულაცია იმისთვის,რომ ჩვენ გადავიდეთ ე.წ. M1 კატეგორიის ტაქსის, როგორც სამგზავრო სტრანსპორტო საშუალების რეგულაციაზე, რომელიც უნდა იყოს უსაფრთხო, რითაც ჩვენმა თანამოქალაქეებმა და ტურისტებმა, რომლებიც ჩვენს ქალაქში ჩამოდიან, კომფორტულად უნდა ისარგებლონ. ეს რეგისტრაცია ნებაყოფლობითია. ჩვენ გვექნება პერიოდი, როდესაც დავაანონსებთ, რა ფორმით უნდა მოხდეს ნებართვის აღება და ეს სამართლებრივი ცვლილებების შემდეგ მოხდება. რადგან ეს ბაზარი არ არის არც აღრიცხული, არც დრეგულირებული, ნებისმიერ ადამიანს, რომელიც გადაწვეტს, რომ ამ საქმიანობის გაგრძელება უნდა, უნდა მოგვმართოს რეგისტრაციისთვის პირადობის და მართვს მოწმობის წარმოდგენით. მერია გასცემს შესამაბის ნებართვას. პირველ ეტაპზე ამ ადამიანებს მხოლოდ ტრაფარეტის ქონის ვალდებულება ექნებათ, რაც მათ იდენტიფიცირებას მოახდენს. აქ არ არის თანხების გადახდაზე საუბარი. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა არ არის მიმართული იმაზე, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ თანხების მობილიზება ან ამოღება. აქ არის საუბარი იმაზე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, იქნება ეს ავტობუსი, სამარშრუტო ტაქსი თუ მსუბუქი ავტომობილი უნდა იყოს უსაფრთხო და კომფორტული ჩვენი მოქალაქეებისთვის მანქანის ტექნიკური გამართულობის, სანიტარულ-ტექნიკური ნორმებისა თუ თვითონ მძღოლების უნარ-ჩვევებთან დაკავშირებით.
მეორე ეტაპზე, რასაც 1 წლამდე ვადა შეიძლება დასჭირდეს, შევეცდებით ტექნიკური დათვალიერების პარალელურად, მაქსიმალურად კომფორტული გავხადოთ ტაქსით მომსახურება", - განაცხადა ბითაძემ.
თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისის მერია ტაქსების სავალდებულო რეგისტრაციას დაიწყებს.