საქართველოს ავიაბაზარი თანდათან იზრდება და ვითარდება.
საჰაერო სივრცით სულ უფრო და უფრო მეტი მგზავრი სარგებლობს. ამას საქართველოს ავიაციის სტატისტიკაც ადასტურებს. საქართველოს აეროპორტებით 2016 წელს თუ 2,840,455 მგზავრმა ისარგებლა, 2017 წელს ეს მაჩვენებელი 43 პროცენტით გაიზარდა და 4,073,959 გახდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რომელ ქვეყნებში სრულდება ყველაზე ხშირად ფრენები ქუთაისის, ბათუმის და თბილისის საერთაშორისო აეროპორტებიდან. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით:
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 2016 წელს ფრენები შესრულდა 19 მიმართულებით: გერმანია, არაბთა გაერთიანებული საემიროები, რუსეთი, საბერძნეთი, ნიდერლანდები, ავსტრია, თურქეთი, ისრაელი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, პოლონეთი, სომხეთი, ირანი, ყატარი, ბელორუსი, ეგვიპტე, ლატვია და ჩინეთი.
2017 წელს თბილისის აეროპორტიდან მიმართულებების რაოდენობა 25-მდე გაიზარდა და დაემატა დიდი ბრიტანეთი, ბაჰრეინი, ლიბანი, იორდანია ქუვეითი და ჩეხეთის მიმართულებები.
რაც შეეხება 2017 წლის 5 ყველაზე მოთხოვნადი ქვეყანა თბილისის აეროპორტიდან: რუსეთი - 306700 მგზავრი, თურქეთი - 297612 მგზავრი, არაბთა გაერთიანებული საემიროები - 168710 მგზავრი, ირანი - 151706 მგზავრი, უკრაინა - 150458 მგზავრი.
ქუთაისის აეროპორტიდან 2016 წელს რეისები სრულდებოდა მხოლოდ 11 მიმართულებით: რუსეთი, თურქეთი, უკრაინა, პოლონეთი, ლიტვა, უნგრეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, კვიპროსი, გერმანია და იტალია.
2017 წელს რეისებს სამი ქვეყანაც დაემატა: დიდი ბრიტანეთი, იტალია და ყაზახეთი.
ქუთაისი აეროპორტიდან 5 ყველაზე მოთხოვნადი ქვეყანა იყო: გერმანია - 52661, უკრაინა - 27684, პოლონეთი - 27207, იტალია - 20515 და უნგრეთი - 17845 მგზავრი.
რაც შეეხება ბათუმის აეროპორტს, საერთაშორისო რეისებიდან 2016 წელს ბათუმიდან რეისები შემდეგ ქვეყნებში განხორციელდა: რუსეთი, თურქეთი, ისრაელი, უკრაინა, ბელორუსი, ირანი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და ყაზახეთი.
2017 წელს ამ მიმართულებებს კიდევ სამი დაემატა: პოლონეთი, ლიბანი და იორდანია.
რაც შეეხება ყველაზე მოთხოვნად ქვეყნებს ბათუმიდან, 2017 წელს რუსეთის მიმართულებით გაემგზავრა 62832 მგზავრი, ისრაელში - 48073, თურქეთში - 44616, უკრაინა - 24630 და ბელორუსი - 16390 მგზავრი.
ლიკა ამირაშვილი