ტაქსების სავალდებულო რეგისტრაცია საქართველოს საკურორტო ზონებშიც დაიწყება

ტაქსების სავალდებულო რეგისტრაცია საქართველოს საკურორტო ზონებშიც დაიწყება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ განაცხადა.

"ამის აუცილებლობა დგას. აუცილებელია ეს ყველაფერი გაკეთდეს და მოწესრიგდეს. მივესალმები ქალაქის მერის ამ განცხადებას თბილისთან დაკავშირებით. პირველ რიგში, რეგიონებში რასაც ვიზამთ არის ის, რომ აუცილებლად შემოვიღებთ ამ რეგულაციებს საკურორტო ზონებში. წელს კატასტროფა ხდებოდა ბაკურიანში. მთელი საქართველოდან ტაქსები ბაკურიანში იყო ასული. ერთ დამსვენებელზე ამდენი ტაქსი საჭირო ნამდვილად არ იყო. აქედან გამომდინარე, ეს რეგულაციები აუცილებლად მოხდება და მოხდება სწრაფად", - განაცხადა ალავიძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.

"მომავალ წელს, ვფიქრობთ, რომ ეს პრობლემები იქ აღარ გვექნება", - განაცხადა ალავიძემ.

ალავიძის განცხადებით, მუშაობა მიმდინარეობს იმაზე, თუ როგორი იქნება ეს სავალდებულო რეგირტრაცია.

"ვმუშაობთ ამ საკითხზე, რომ მივიღოთ ნორმალური რეგულაციები, რათა ხელი არ შეეშალოს არც ბიზნესს და არც დამსვენებელს", - განაცხადა ალავიძემ.

თბილისის მერია ტაქსების სავალდებულო რეგისტრაციას დაიწყებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, თბილისის მოსახლეობა და დედაქალაქის სტუმრები იმსახურებენ ხარისხიან, უსაფრთხო და კომფორტულ სერვისს.