2017 წელს საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტი გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 25,3 ათასი ტონით ანუ 26,4 %-ით გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.
კერძოდ, მათი ცნობით, გასულ წელს საავიაციო ნავთის იმპორტმა 96 ათასი ტონა შეადგინა, ხოლო 2016 წელს ეს მაჩვენებელი 70,7 ათასი ტონა იყო.
ამასთან, 2017 წელს საავიაციო ნავთის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა - 40,3 ათასი ტონა თურქმენეთიდან განხორციელდა, რაც მთელი იმპორტის 42,0%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი - 28,6 ათასი ტონა (29,8%), საბერძნეთი - 22,0 ათასი ტონა (22,9%), ეგვიპტე - 3,8 ათასი ტონა (4,0%), თურქეთი - 0,8 ათასი ტონა (0,8%) და იტალია 0,5 ათასი ტონა (0,5%).
„2017 წელს საავიაციო ნავთის იმპორტი და შესაბამისად, მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც დაკავშირებულია საქართველოში საერთაშორისო რეისების განმახორციელებელი საჰაერო სატრანსპორტო საშუალებების რეისების ზრდასთან, რომელიც თავისთავად საქართველოში ვიზიტორებისა და ტურისტების მატებას უკავშირდება.
2017 წელს საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა 104,1 ათასი ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (102,2 ათასი ტონა) 1,9 ათასი ტონით ანუ 1,8%-ით აღემატება. აქედან იმპორტის 93% მოდის ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე. ცნობისთვის, საგზაო ბიტუმი ძირითადად გამოიყენება ასფალტის წარმოებისას. 2017 წელს ქვეყანაში გზების მშენებლობა გასული წლების მსგავსად საკმაოდ მასშტაბური იყო, რითაც აიხსნება საგზაო ბიტუმის იმპორტის ზრდა,“-ნათქვამია კავშირის განცხადებაში.