“სიტროენ ჯორჯიას“ დირექტორი - კარტელური გარიგების ნაწილში მოკვლევის დაწყება უპრეცედენტო გამარჯვებაა

კონკურენციის სააგენტომ ჩვენი საჩივარი პრეფერენციების კუთხით - არა, კარტელის კუთხით კი დააკმაყოფილა და მოკვლევა დაიწყო, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია , - ამის შესახებ "სიტროენ ჯორჯიას" დამფუძნებელმა და დირექტორმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

„ჩვენ ორ მუხლზე ვდაობდით. ეს იყო პრეფერენციები და კარტელი. პრეფერენციების კუთხით არ დააკმაყოფილა და ამაშიც ბევრი კითხვის ნიშანია. ის მიზეზები, რის გამოც უარი ითქვა, რბილად რომ ვთქვათ, არასწორია, არ არის რეალურ არგუმენტებზე დაყრდნობილი და ჩვენ ამას პასუხს გავცემთ. კარტელის კუთხით კონკურენციის სააგენტომ ჩვენი საჩივარი დააკმაყოფილა, ასე რომ, მოკვლევა დაიწყო. ეს დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, იმიტომ რომ რეალურად ქვეყანაში, სადაც ამხელა ზეწოლაა აღნიშნულ ორგანოზე, ძალიან გასახარია, რომ ასეთი გამარჯვება დადგა. თუ არ ვცდები, ამ სფეროში პირველად დაიწყო კარტელურ გარიგებებზე მოკვლევა, ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, რაც ძალიან პოზიტიურია“, - განაცხადა შარაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ბოლოს გიორგი გაჩეჩილაძემ ტენდერებში კომპანიების მონაწილეობასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების ტენდერი კომპანია "სიტროენ ჯორჯიამ" უსაფუძვლო მიზეზების გამო წააგო. მისივე თქმით, საქართველოში ტენდერებში სულ რამდენიმე კომპანია მონაწილეობს, რომელიც კარტელს წარმოადგენს და ამ კომპანიებთან ასოცირდება სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი. გაჩეჩილაძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა უპასუხა და სასამართლოში ჩივილისკენ მოუწოდა. პრემიერის თქმით, იმ შემთხვევაში თუ გია გაჩეჩილაძის ბრალდებები დადასტურდება ის თანამდებობიდან გადადგება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კვირიკაშვილმა გაჩეჩილაძისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

12 დეკემბერს შპს „სიტროენ ჯორჯიამ“ კონკურენციის კონკურენციის სააგენტოში წარადგინა საჩივარი, რომლის თანახმადაც, ყურადღება გამახვილებულია 6 ეკონომიკური აგენტის - შპს „სტრადა მოტორსის“, შპს „იბერია ავტოს“, სს „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“, შპს „კია მოტორს ჯორჯიას“, შპს „ჯი-თი მოტორსის“ და სს „ფრანს ავტოს“ მიერ შეთანხმებულ მოქმედებაზე, რაც კონკურენციას მნიშვნელოვანად ზღუდავს (“კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის სავარაუდო დარღვევა). მომჩივანი ასევე მიუთითებდა კონკურენციის მნიშვნელოვან შეზღუდვაზე (კანონის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევა). მისი პოზიციით, მოპასუხე 3 შემსყიდველი ორგანიზაცია - სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი, შპს „გარდაბნის თბოსადგური“ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო კონკრეტულ სახელმწიფო შესყიდვებში ზემოხსენებულ ეკონომიკურ აგენტებს უპირატესობას ანიჭებდნენ და მომჩივანი კომპანიის საქმიანობას აფერხებდნენ.

კონკურენციის სააგენტომ "სიტროენ ჯორჯიას" საჩივარი ხელისუფლების ორგანოების მიერ კონკურენციის დარღვევასთან დაკავშირებით დაუშვებლად ცნო, თუმცა კომპანიებთან მიმართებაში მოკვლევა დაიწყო.