ბიძინა ივანიშვილი იპოდრომის ტერიტორიას თბილისის მერიას უბრუნებს და ამის სანაცვლოდ ის სხვა ტერიტორიას მიიღებს თბილისის მიწებზე , - ამის შესახებ საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა მარიკა დათუკიშვილმა ჟურნალისტებს ცინცაძე-კარტოზიას ესტაკადის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
"მერიის ხელმძღვანელობასთან გვქონდა ერთადერთი შეკითხვა ცინცაძე-კარტოზიას დამაკავშირებელ ესტაკადაზე. ვიცით, რომ ეს ესტაკადა ნარმანიამ ორი წლის განმავლობაში არ გააკეთა, 2 წლის განმავლობაში კომპანია "ზიმოს", რომელიც ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული კომპანიაა, მერიამ გადაურიცხა მილიონ ლარზე მეტი, ეს თანხა დღემდე არ არის დაბრუნებული. ამის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ეს ესტაკადა არ აშენებულიყო. ახლა იგივე პროექტი, რომელიც 2015 წელს შემოვიდა, დააბრუნეს. იპოდრომის ტერიტორია არის ბიძინა ივანიშვილის ტერიტორია და მაშინაც გვქონდა ეჭვი, რომ ის არ იყო თანახმა იპოდრომის ტერიტორიაზე გაკეთებულიყო ცინცაძე-კარტოზიას გზა. მიუხედავად იმისა, რომ როდესაც იპოდრომის ტერიტორია მას გადაეცა, ხელშეკრულებაში პირდაპირ იყო ჩადებული, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მას უნდა დაეთმო ტერიტორიის ნაწილი, რაც არ გააკეთა. დღეს ხდება ის, რომ სავარაუდოდ, იპოდრომის ტერიტორიაზე ხდება მონაცვლეობა, ბიძინა ივანიშვილი იპოდრომის ტერიტორიას უბრუნებს თბილისის მერიას და ამის სანაცვლოდ ის სხვა ტერიტორიას მიიღებს თბილისის მიწებზე. მაგრამ ეს ზეპირი მოლაპარაკებაა და მას იურიდიული ხასიათი არ აქვს", - განაცხადა დათუკიშვილმა.