სადავო ტენდერებში მონაწილეობა არასოდეს მიმიღია, - ამის შესახებ ”ტოიოტა ცენტრი თბილისის“ დამფუძნებელი ირაკლი გურჩიანი განცხადებას ავრცელებს.
გურჩიანი ყოფილი მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მან საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა.
”ტარიელ ხეჩიკაშვილმა შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება და მაყურებელი, როცა იმ ყბადაღებულ კარტელურ გარიგებებთან დასმულ შეკითხვაზე, ”ტვ პირველის” ეთერში, მან მომჩივანი მხარის პარტნიორად მომიხსენია. მინდა გითხრათ, რომ მე არასოდეს ვყოფილვარ იმ კომპანიის პარტნიორი, ვინც ახლა ამ თემებზე დავობს. ადრეც აღვნიშნე და ახლაც ვიმეორებ, რომ ყველა იმ ტენდერში, სადაც კი ჩემს კომპანიას, "ტოიოტა ცენტრ თბილისს" მონაწილეობა მიუღია, ჩვენ არ შეგვინიშნავს რაიმე მსგავსი ტენდენცია. ხოლო იმ ტენდერებთან დაკავშირებით, რაზეც მიდის დავა, ჩვენ საერთოდ არ ვმონაწილეობდით და აქედან გამომდინარე, საქმის კურსშიც არ ვართ, რა ხდებოდა. ზოგადად, ასეთ დიდ, მრავალერთეულიანი მანქანების ტენდერებში ჩვენ ბოლო 10 წელია, საერთოდ არ მიგვიღია მონაწილეობა. შესაბამისად, იყო იქ რაიმე უკანონო თუ არა, მე ნამდვილად არ ვიცოდი და არც შეიძლებოდა მცოდნოდა“, - განაცხადა გურჩიანმა.