”ნიკორას“თანამშრომლები კომპანიის აქციონერები ხდებიან - აღნიშნულის შესახებ დღეს კომპანიის წარმომადგენლების მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, 2018 წელს ”ნიკორას“ ბაზარზე არსებობის 20 წელი უსრულდება და კომპანიის გადაწყვეტილებაც სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება.
”ჩვენ ერთად შევძელით ის, რომ დღეს ”ნიკორა“ კვების ინდუსტრიაში უპირობო ლიდერია. ეს დიდი შრომისა და იმ ადამიანების დამსახურებაა, ვინც 20 წლის განმავლობაში კომპანიის შექმნასა და განვითარებაში მონაწილეობდა. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია აქ დასაქმებული ადამიანები. ამიტომ საიუბილეო წელთან დაკავშირებით, კომპანიის აქციონერების გადაწყვეტილებით, თითოეულ თანამშრომელს სუპერმარკეტების ქსელის, ”სს ნიკორა ტრეიდის“ აქციები საჩუქრად გადაეცა“, - განაცხადა სს „ნიკორას“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბოქოლიშვილმა.
”ნიკორა“ ასევე, მზად არის, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესთავაზოს კომპანიის აქციონერობა.
”ჩვენ ვქმნით პროდუქციას, რომელიც ყოველდღიურად ათასობით ადამიანის ოჯახშია წარმოდგენილი. 2017 წელს ”ნიკორა სუპერმარკეტის“ მომსახურებით 43 მილიონამდე მომხმარებელმა ისარგებლა. გვსურს, რომ ეს ადამიანები კიდევ უფრო მეტად გახდნენ კომპანიის ნაწილი. ამიტომ აქციის შეძენით დაინტერესებული პირების საჯარო შეთავაზებისთვის, კანონით დადგენილი წესით, მომზადდა ემისიის პროსპექტი, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ დამტკიცდა 2017 წლის 17 ოქტომბრის #114 განკარგულებით”, – განმარტა ირაკლი ბოქოლიშვილმა.
მისივე განმარტებით, აქციების რეალიზაციიდან მიღებული თანხა სუპერმარკეტის ქსელის განვითარებას მოხმარდება.
სს ”ნიკორა ტრეიდმა” გამოუშვა ჩვეულებრივი ტიპის აქციები, რომლითაც დასაჩუქრდა ჰოლდინგი ”ნიკორას” ყველა თანამშრომელი და რომლითაც ვაპირებთ გავაკეთოთ საჯარო შეთავაზება. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კომპანიისთვის. საფონდო კაპიტალის ბაზარზე გასვლა მნიშვნელოვანია“,- განაცხადა ირაკლი ბოქოლიშვილმა.
სს ”ნიკორას” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, ანა კოშაძის განცხადებით, კომპანია მიესალმება, რომ მისი 4000-ზე მეტი თანამშრომელი აქციის მფლობელი გახდა.
”ნიკორა”, როგორც ქართული ბრენდი, ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია საქართველოში. ძალიან გვიხარია, რომ 4000-ზე მეტი თანამშრომელი კომპანიის აქციონერი გახდა. გარდა ამისა, აქციის საჯარო შეთავაზებაც მომზადდა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისი შეძენა”, - აღნიშნა ანა კოშაძემ.
სს ”ნიკორა ტრეიდის” აღმასრულებელი დირექტორის, დავით ურუშაძის ინფორმაციით, მიმდინარე წლის განმავლობაში სავარაუდოდ, აბსოლუტურად ყველა მსხვილ დასახლებულ პუნქტში დამატებითი მაღაზიები იქნება გახსნილი.
”აქციების რეალიზაციიდან შემოსული თანხა მოხმარდება ”ნიკორას” ქსელის განვითარებას. მიმდინარე მომენტისთვის ”ნიკორა” წარმოდგენილია 220 სავაჭრო ობიექტით და ვგეგმავთ, რომ მომდევნო 3 წლის განმავლობაში ამ ობიექტების რაოდენობა გახდეს 600-ზე მეტი. ამ დინამიური ზრდის პროცესში ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას მივაქცევთ ხარისხს“,- აღნიშნა ურუშაძემ.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, აქციების შეძენით დაინტერსებულმა პირმა უნდა მიმართოს კომპანიის ადმინისტრაციას. შეთავაზების ვადა განსაზღვრულია 2019 წლის 1-ელ აპრილამდე. შეთავაზების პირობები, სრულყოფილი ინფორმაცია ემიტენტის (სს „ნიკორა ტრეიდი“) შესახებ გაწერილია ემისიის პროსპექტში, რომელიც „ნიკორას“ ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
აღსანიშნავია, რომ ”ნიკორა“ წარმატებით ახორციელებს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ ოპერაციებს. კომპანიას მსგავსი გამოცდილება ჰქონდა წარსულშიც. ჯერ კიდევ 2016/2017 წლებში, როგორც ”ნიკორა ტრეიდმა“, ისე „ნიკორამ“ განახორციელეს შესაბამისად 5 და 10 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კუპონური ობლიგაციების გამოშვება, რაც როგორც კომპანიაში აცხადებენ, ერთმნიშვნელოვნად ”ნიკორასადმი“ დიდი ნდობის დასტურია.
”ჩვეულებრივი აქციების გამოშვება საშუალებას მოგვცემს, ფინანსურად უფრო მეტად მოქნილები ვიყოთ. მოზიდულ რესურსს ისევ კომპანიის განვითარებას მოვახმართ, რაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მნიშვნელოვანი წინაპირობაა“, - განაცხადა ირაკლი ბოქოლიშვილმა.
ცნობისთვის, ”ნიკორა“ 1998 წელს დაფუძნდა და მე-20 წელია, კვების პროდუქტების ბაზრის უცვლელი ლიდერია.
”ამჟამად, ჰოლდინგში ხორცპროდუქტების, ნახევარფაბრიკატების, თევზეულის, რძის ნაწარმის, ნაყინის, პურ-ფუნთუშეულის, გაყინული საკონდიტრო ნაწარმისა და ფრეშ სალათების საწარმოებია გაერთიანებული. ჰოლდინგი საქართველოში ყველაზე მრავალრიცხოვანი სუპერმარკეტების ქსელითაა წარმოდგენილი.
შვილობილი კომპანია "ინტრეიდი" არაერთი სახეობის კვების პროდუქტისა და სასმელის ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში.
აღსანიშნავია, რომ კვების ინდუსტრიაში „ნიკორა" პირველი კომპანიაა, რომელმაც ჩვეულებრივი აქციები გამოუშვა გასაყიდად.
„ნიკორა“ ასევე ერთ -ერთი პირველია ქართული კვების პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს შორის, ვინც მრავალი წელია ფლობს ISO 9001:2008; ISO22000:2005 - HACCP სერტიფიკატებს”, - ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.