„ტაქსების რეგულირების შემთხვევაში მძღოლები ონლაინ გამოძახების სისტემაზე გადავლენ“

თბილისსა და საკურორტო ზონებში ტაქსების სავალდებულო რეგისტრაციის იდეას ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა HUB Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორის ვასო ურუშაძე არასწორს უწოდებს.

აღნიშნულ თემაზე ურუშაძემ „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა. მისი თქმით, სფეროში პრობლემები არსებობს, თუმცა რეგულაციების დაწესებით მათი მოგვარება ვერ მოხერხდება.

„რეგულაციების შემოღებით სფეროში არსებული პრობლემების მოგვარება ვერ მოხერხდება. ძალიან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში პირიქით, სფეროს დერეგულაციის პროცესი დაიწყეს. თანამედროვე, სმარტფონების ეპოქაში გაჩნდა ალტერნატიული, მძღოლის ერთჯერადი მომსახურების სერვისი, რომლებიც აპლიკაციებით იმართებიან და არანაირი რეგულაციის ქვეშ არ ექცევიან. ასეთი აპლიკაციებია, მაგალითად, „უბერი“ და „იანდექსი“, რომელსაც დღეის მდგომარეობით არაერთი ადამიანი იყენებს. შესაბამისად, საქართველოში რეგულაციების დაწესებით, შედეგად მივიღებთ იმას, რომ ტაქსის მძღოლები ტრაფარეტს მოხსნიან და სწორედ მსგავს აპლიკაციებზე, ონლაინ სისტემაზე გადავლენ,“-აღნიშნა ურუშაძემ.

ამასთან, ურუშაძის თქმით, ტაქსებზე რეგულაციების დაწესება ტარიფების გაზრდასაც გამოიწვევს.