10 ყველაზე ინოვაციური ქვეყანა - Bloomberg-ის რეიტინგი

სააგენტო Bloomberg-მა „2018 Bloomberg Innovation Index“ გამოაქვეყნა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნებმა შეფასება ინოვაციების განვითარების მიხედვით მიიღეს.

„ბიზნესპრესნიუსი“ წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ინოვაციურ ქვეყანას.

სამხრეთ კორეა - 89,28 ქულა:

კორეის რესპუბლიკა ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანაა ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის მაღალი მაჩვენებლით. ეკონომიკურ ზრდაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი შეიტანა მსხვილმა კორპორაციებმა, რომელთა პროდუქციაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით დიდი მოთხოვნით სარგებლობს. სამხრეთ კორეის რესპუბლიკა, პირველ რიგში, ეფუძნება სამომხმარებლო საქონლის წარმოებას, როგორიც არის ელექტრონიკა, ქსოვილები, ავტომობილები. ეკონომიკა, მეორე მხრივ, მძიმე ინდუსტრიასაც ეფუძნება, მაგალითად გემთმშენებლობასა და მეტალის წარმოებას. ამ დარგების მიერ წარმოებული პროდუქცია ექსპორტის მთავარ საქონელს წარმოადგენს.

შვედეთი - 84,70 ქულა:

შვედეთში მხოლოდ 10 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, თუმცა 50 გლობალურ კომპანიას ფლობს, რომელთა შორისაა ორიფლეიმი, ვოლვო, ერიქსონი, H&M და ა.შ. ქვეყანაში ინფრასტრუქტურა განვითარების მაღალ დონეზეა, მეტიც, ის მუდმივად განახლების პროცესშია, ტექნიკა საუკეთესო მდგომარეობაშია, მომსახურე პერსონალი განათლებულია.

სინგაპური - 83,05 ქულა:

სინგაპური მაღალგანვითარებული ქვეყანაა საბაზრო ეკონომიკითა და დაბალი გადასახადებით, სადაც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ტრანსნაციონალური კორპორაციები. ეკონომიკა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ექსპორტზე, განსაკუთრებით საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის დარგში, საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და ფარმაცევტიკაში. სინგაპური რეგიონში უმსხვილესი სავაჭრო ქვეყანაა.

გერმანია - 82,53 ქულა:

გერმანია დინამიურად განვითარებადი ეკონომიკით ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა. არის ლიდერი რიგი ინდუსტრიული და ტექნოლოგიური სექტორების, ის მსოფლიოში მესამე ადგილზეა საქონლის ექსპორტისა და იმპორტის მიხედვით. გერმანია განვითარებული ქვეყანაა ცხოვრების მაღალი დონით.

შვეიცარია - 82,34 ქულა:

შვეიცარია ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა მსოფლიოში. ეს არის მაღალგანვითარებული ქვეყანა, მაღალპროდუქტიული სოფლის მეურნეობით, თუმცა აქ სასარგებლო წიაღისეული თითქმის არ არსებობს. დასავლელი ეკონომისტების აზრით, ეკონომიკის კონკურეტუნარიანობით მსოფლიოს პირველ ათეულში შედის. შვეიცარიის ეკონომიკა მჭიდროდ არის დაკავშირებული სხვა, განსაკუთრებით კი ევროკავშირის ქვეყნებთან. შვეიცარიის საქონლის ბრუნვის 80-85% ევროკავშირზე მოდის.

იაპონია - 81,91 ქულა:

იაპონიის ეკონომიკა ერთ-ერთი ყველაზე უფრო განვითარებულია მსოფლიოში. საბანკო მომსახურება, დაზღვევა, უძრავი ქონება, ტრანსპორტი, საცალო ვაჭრობა, ტელეკომუნიკაცია მშენებლობა ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. იაპონია მსხვილ საწარმოო შესაძლებლობებს ფლობს. აქ არის რამდენიმე მსხვილი საწარმო, რომელიც უშვებს ელექტრონიკას, ჩარხებს, მეტალს, ხომალდებს, ქიმიურ ნივთიერებებს, ქსოვილებსა და საკვებ პროდუქტებს. მომსახურების სექტორი მთლიანი შიდა პროდუქტის სამ-მეოთხედს შეადგენს.

ფინეთი - 81,46 ქულა:

ფინეთი მცირე ზომის მაღალგანვითარებულ ქვეყნებს განეკუთვნება. უკვე დიდი ხანია ფინეთის ძლიერ მხარედ რჩება პოლიტიკური სტაბილურობა, ღია ეკონომიკა, მაღალგანვითარებული ინფრასტრუქტურა და ტელეკომუნიკაციების სანდოობა. გარდა ამისა, ფინეთის კონკურენტუნარიანობას უზრუნველყოფს ახალი ტექნოლოგიების ათვისების სისწრაფე, მოსახლეობაში განათლების მაღალი დონე და ხელსაყრელი კლიმატი ბიზნესის საწარმოებლად.

დანია - 81,28 ქულა:

დანიის ეკონომიკას ბუნებრივი რესურსების ძალიან მოკრძალებული რეზერვი აქვს, თითქმის მთლიანად ადამიანურ რესურსებზე, ნედლეულის იმპორტსა და საგარეო ვაჭრობაზეა დამოკიდებული. ქვეყანა მსოფლიოში პირველ ადგილზეა ერთ სულ მოსახლეზე საგარეო ვაჭრობის ბრუნვის მოცულობით. მომსახურების სექტორი დიდ ადგილს იკავებს ეკონომიკაში. დანიას ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო მყარი ეკონომიკური სისტემა აქვს. მას ახასიათებს დაბალანსებული სახელმწიფო ბიუჯეტი, სტაბილური ვალუტა, დაბალი საპროცენტო განაკვეთი და ინფლაციის დაბალი დონე.

საფრანგეთი - 80,75 ქულა:

საფრანგეთი მაღალგანვითარებული ბირთვული სახელმწიფოა. ეკონომიკის საერთო მოცულობით ევროკავშირში მეორე ადგილზეა გერმანიის შემდეგ და მსოფლიოს ათეულში სტაბილურ ადგილს იკავებს.

ისრაელი - 80,64 ქულა:

ეკონომიკური და ინდუსტრიული განვითარებით ისრაელი ყველაზე წინ არის სამხრეთ-დასავლეთ აზიის ქვეყნებს შორის. ისრაელს NASDAQ-ის ინდექსში კომპანიების ყველაზე დიდი რაოდენობა აქვს წარმოდგენილი ჩრდილო ამერიკის საზღვრებს გარეთ მყოფი ქვეყნებიდან. გარდა ამისა, ეს ერთადერთი სახელმწიფოა ახლო აღმოსავლეთში, რომელიც NASDAQ-ის სიაშია წარმოდგენილი. ისრაელი წამყვანია ისეთ დარგებში, როგორიცაა წყლის რესურსების დაცვის ტექნოლოგიები და გეოთერმული ენერგეტიკა.