„ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი საფინანსო სექტორის დამოუკიდებელ სუბიექტად აღარ ითვლება“.
ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
სებ-ის ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით, „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილება გასული წლის 23 დეკემბერს განხორციელდა.
„ცვლილებების შესაბამისად, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი საფინანსო სექტორის დამოუკიდებელ სუბიექტად აღარ ითვლება. რაც შეეხება აღნიშნული კანონის ამოქმედების მომენტისათვის ეროვნულ ბანკში რეგისტრირებულ ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირებს, მათ, ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში, 2018 წლის 12 ივლისამდე უნდა უზრუნველყონ ეროვნულ ბანკში საგადახდო მომსახურების პროვაიდერად დარეგისტრირება ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან (მათ შორის, კომერციულ ბანკთან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან) საგადახდო მომსახურების აგენტის ხელშეკრულების გაფორმება. ზემოთ აღნიშნული 6 თვიანი ვადის ამოწურვამდე კი, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების საქმიანობის ზედამხედველობის მარეგულირებელი ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას,“-აღნიშნულია სებ-ის ინფორმაციაში.