„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ ბიზნესომბუდსმენად ირაკლი ლექვინაძის დანიშვნას მიესალმება

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ ბიზნესომბუდსმენად ირაკლი ლექვინაძის დანიშვნას მიესალმება. ამის შესახებ „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადების თანახმად, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, ირაკლი ლექვინაძის ბიზნესომბუდსმენის პოსტზე დანიშვნასთან დაკავშირებით, მათთვის სასიამოვნო სიახლეა, რადგან ჯერ კიდევ დედაქალაქის ვიცე-მერის პოსტზე მუშაობისას, „საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ აქტიურად თანამშრომლობდა ირაკლი ლექვინაძესთან და მისთვის ნამდვილად არაა უცხო ბიზნესის წინაშე არსებული გამოწვევები.

„მეორე მხრივ, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი ბიზნესისათვის სწორედ ის უწყებაა, რომელთანაც წლების განმავლობაში ყველაზე ინტენსიურად მიმდინარეობდა მუშაობა ბიზნესისათვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე და რომლის დახმარებითაც ამ საკითხების უდიდესი ნაწილი დადებითად გადაწყდა“, – აცხადებენ „საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში“.