კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით;
კრედო ბანკის გარეშე), 2017 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით 133.7 მლნ ლარით (0.6 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.5 პროცენტით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი იანვრისთვის 21.7 მლრდ ლარი შეადგინა.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 319.0 მლნ ლარით (3.6 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 185.3 მლნ ლარით (1.4 პროცენტით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.4 პროცენტით გაიზარდა).
როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2017 წლის დეკემბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 2.5 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.4 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 7.1 მლრდ ლარის (1.3 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 6.1 პროცენტით მეტი).
2017 წლის დეკემბრის განმავლობაში 0.4 პროცენტით ანუ 47.1 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის 11.2 მლრდ ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 41.91 პროცენტი შეადგინა. 2017 წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.06 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.