ქართული თექა, მინანქარი, ლურჯი სუფრა, საქართველოში წარმოებული წინდები, ქართველი დიზაინერების სამოსი - ეს არის იმ პროდუქციის ხუთეული, რომელსაც საქართველოში მოგზაურები ყველაზე ხშირად ყიდულობენ და მიაქვთ საკუთარ ქვეყანაში.
ღვინო და ჩურჩხელა კი უკვე საქართველოს სავიზიტო ბარათადაა ქცეული და ალბათ, არ არსებობს ქვეყანაში ჩამოსული ტურისტი, რომელიც ამ ორი პროდუქტის დაგემოვნების გარეშე ტოვებს ქვეყანას.
AMBEBI.GE-მ 60-მდე უცხოელი გამოკითხა, რის შედეგადაც გამოვლინდა ყველაზე პოპულარული პროდუქციის ხუთეული. გარდა ამისა, უცხოელებში პოპულარულია ქართული თაფლი, ჩაი, ქართული ტკბილეული, ვერცხლის ნაწარმი, ხელით ნაქსოვი ტანსაცმელი და აქსესუარები, ქართული სუნელები.
კატი სტაროსტკა: "მეგობრებს საქართველოდან საჩუქრად წამოვუღე ღვინო, მინანქრის სამკაულები, დეკორატიული ხმლები, ქართველი დიზაინერების ტანსაცმელი, ვერცხლის თასები, თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრები."
ალექს ლევის პაული: "რამდენიმე სახეობის ღვინო ვიყიდე, მათ შორის, საფერავი, რქაწითელი, ქისი, ტვიში. საქართველოში ყველა ვიზიტისას ვყიდულობ უამრავ სვანურ მარილს, რომელიც დიდ ბრიტანეთში მიმაქვს მეგობრებისთვის. მათ ძალიან უყვართ სვანური მარილი. ტოსტებზე იდეალურია".
ემა პრატი: "საქართველოდან წამოვიღე ქართული ჩაი, "ალტერსოქსის" წინდები, მაგიდის გადასაფარებელი "ლურჯი სუფრა", შოკოლადი და ქართული სუნელები".
ჰოიშან მაკი: "ვიყიდე თექის აქსესუარები, მინანქარი, ხელით ნაქსოვი კაშნეები, სხვადასხვა სახის ხელნაკეთი ნივთები, ქართველი დიზაინერების ტანსაცმელი".
ტურისტების დაინტერესება და უცხოელების შეფასება ქართველ მწარმოებლებს დამატებით სტიმულსა და მოტივაციას უქმნის, რომ მათ უფრო მეტი ქართული წარმოების პროდუქტი შექმნან და აწარმოონ. შესაბამისად, მოთხოვნასთან ერთად იზრდება მიწოდებაც. ბოლო პერიოდში იქმნება ბევრი სტარტაპი, რომლებიც ქმნიან ქართულ პროდუქციას წარწერით - Made in Georgia. იხილეთ გაგრძელება