დედაენისა და 9 მარტის ბაღების რეაბილიტაციაზე 4,5 მილიონი ლარი დაიხარჯება

თბილისის განვითარების ფონდმა დედაენისა და 9 მარტის ბაღების რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერში წინადადებების მიღება 11 თებერვალს იწყება და 16 თებერვალს სრულდება. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 560 873 ლარს შეადგენს და მისი მშენებლობა, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების დადებიდან, 7 თვეში უნდა დასრულდეს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს სამშენებლო სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება და ბოლო 5 წლის (2013-2017 წელი) განმავლობაში დასრულებულ ობიექტებზე ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულება არ უნდა იყოს 17,000,000 ლარზე ნაკლები.

დედაენისა და 9 მარტის ბაღის რეაბილიტაცია კახა კალაძის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო.