„რეზონანსი" - ნავთობი 3-წლიან მაქსიმუმზეა, გაძვირების ტალღას ლარის კურსი აჩერებს

მსოფლიო ბაზარზე ნავთობი შეუჩერებლად ძვირდება. 1 ბარელის ღირებულებამ უკვე 71 დოლარს გადააჭარბა, რაც ბოლო 3 წლის მაქსიმუმია.

საერთაშორისო ბაზარზე საწვავის გაძვირების ერთ-ერთ ტენდენციად დოლარის გაუფასურებაც შეიძლება ჩაითვალოს. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს,  საქართველოში ნავთობკომპანიებმა, შესაძლოა, ფასი არ გაზარდონ, რადგან ლარის კურსი დიდი სისწრაფით მყარდება.

ჯერჯერობით ეროვნული ვალუტის გამყარება მსოფლიო ბაზარზე საწვავის გაძვირებას დააბალანსებს. ამჟამად "პლატცის" მიხედვით ბაზარზე 1 ტონა ბენზინის ფასი 650 დოლარია, ხოლო 1 ტონა დიზელი 613 დოლარი ღირს. ერთნაირია ადგილობრივ ბაზარზე არსებული საბითუმო ნიხრი. 1 ლიტრი ბენზინი და დიზელი 1.98 ლარი ღირს.

ამჟამად ნავთობის ფასი 2014 წლის დეკემბრის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. "რეზონანსთან" საუბრისას ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი აღნიშნავს, რომ ზრდა მოსალოდნელი იყო. საქართველოში ფასის მატებას ლარის გამყარება მეტ-ნაკლებად აფერხებს, თუმცა თუ საერთაშორისო ბაზარზე ვითარება არ შეიცვალა, ბენზინი და დიზელი აქაც გაძვირდება.

"ნავთობი ახლა მაქსიმალურ ნიშნულზეა. ამ ეტაპზე ფასის ზრდა მოსალოდნელი იყო. ორ წელზე მეტია, ოპეკი ცდილობს, შავი ოქროს ღირებულება გაზარდოს. მოპოვების შემცირების ხარჯზე უკვე შედეგსაც მიაღწია, რასაც გარკვეული მიზეზებით გარკვეული პერიოდი ვერ ახერხებდა. მოსაზრებას, რომ ეს არის შეუქცევადი პროცესი და უნდა ველოდოთ ფასის კოლოსალურ მატებას, როგორიც იყო 2011 წელს, არ ვიზიარებ. მსგავს სურათს ნამდვილად არ ველოდებით.

რაც შეეხება საქართველოს, ცოტა ხნის წინ ჩვენთან იყო ისეთი მდგომარეობა, რომ საწვავის ფასი უნდა წასულიყო ქვემოთ, მაგრამ კომპანიები პირიქით მოიქცნენ და არსებული ნიშნული შეინარჩუნეს. ამიტომ ახლა საერთაშორისო ტენდენციის საპირისპიროდ კომპანიებს აქვთ ის რესურსი, რომ ადგილობრივ ბაზარზე ფასის შენარჩუნება მოხერხდეს.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს იმავე ტიპის ნავთობზე ფასი 10 დოლარითაა გაზრდილი, ბოლო ორი თვის მონაცემიც მზარდია, მაგრამ თუ ერთწლიან მონაკვეთს დავაკვირდებით, ჯამში, 10-დოლარიანი მატებაა. შევხედოთ დოლარის კურსსაც. ორთვიან პერიოდში ეროვნული ვალუტა 23 თეთრითაა გამყარებული და იმის აღნიშნვა, რომ საწვავის ბაზარზე გაძვირება გარდაუვალია, არ იქნება სწორი. მეორე მხრივ, თუკი მსოფლიოში ამ ტემპით გაგრძელდა ნავთობზე ფასის ზრდა, ადგილობრივ ბაზარზე გაძვირება გარდაუვალი იქნება.

აუცილებელია, ვისაუბროთ ინფლაციის მაჩვენებელზეც, რაზეც საწვავის ფასის ზრდა აუცილებლად იმოქმედებს. 2018 წლის განმავლობაში ინფლაცია 3%-ითაა განსაზღვრული. რბილად რომ ვთქვათ, ეს არის ოპტიმისტური მაჩვენებელი. ეროვნული ბანკი ელოდა, რომ ეგზოგენური ფაქტორები 2018 წლისთვის განეიტრალდებოდა და ამ ფონზე მოახერხებდნენ ინფლაციის მოთოკვას. ამ დროს ჩვენ ვხედავთ იმ ფაქტორებს, რამაც შარშან მიზნობრივზე მაღალი ინფლაცია მოგვცა და აშკარაა, რომ არათუ უმჯობესდება ეს ფაქტორები, არამედ, პირიქით, უფრო მეტ სიმძაფრეს შეიძენს 2018 წელს.

ძვირდება საწვავი, გაიზარდა კომუნალური გადასახადები. ამ ფონზე მოსაზრება, რომ ეროვნული ბანკი წლის მეორე ნახევარში მოახერხებს ინფლაციის მოთოკვას, ჩემი აზრით, გადაჭარბებულია", - განუცხადა "რეზონანსს" ბაირახტარმა.

სამომავლოდ რა იქნება, წინასწარ ამის ანალიზი რთულია, თუმცა ცვლილება (ფასის ზრდა ან კლება) გატარდება იმის მიხედვით, თუ როგორ წარიმართება მოვლენები საერთაშორისო ბაზარზე. "სენტა პეტროლეუმის" დამფუძნებლისა და დირექტორის - ზაალ იაკობიძის თქმით, მოვლენების პროგნოზირება რთულია. თუ საერთაშორისო ბაზარზე ვითარება არ შეიცვალა, ჩვენი ქვეყანა იმ სასაქონლო პაკეტის გაძვირებას უნდა ელოდოს, რომელსაც ნავთობპროდუქტების გამოყენება სჭირდება. ამ ეტაპზე საქართველოში ფასის შენარჩუნებას ლარის გამყარებაც უწყობს ხელს, რაც ერთადერთი დადებითი ფაქტორია.

"ლარის გამყარება ბოლო პერიოდში გარკვეულწილად აბალანსებს ნავთობპროდუქტების გაძვირებას საერთაშორისო ბაზარზე. შესაბამისად, საბითუმო ბაზარზე ფასის მატება არ შეინიშნება. კურსის დასტაბილურებამ საკმაოდ დადებითი ეფექტი მოახდინა. რამდენ ხანს შენარჩუნდება საერთაშორისო ბაზარზე ვითარება, ვერ ვიტყვით. ამაზე ვართ თავიდან ბოლომდე დამოკიდებული და სიტუაციის პროგნოზირება რთულია. თუკი ისევ გაძვირებისკენ წავიდა ტენდენცია და ჩვენთანაც შეჩერდა ლარის გამყარება, აუცილებლად დაიწყება საცალო ქსელში ფასების მატება. გაიზრდება როგორც უშუალოდ საწვავის ფასი, ასევე ყველა იმ პროდუქტისა, რაც მასზეა მიბმული", - განუცხადა "რეზონანსს" იაკობიძემ.

ნათია ლომიძე

გაზეთი „რეზონანსი"