სასჯელაღსრულების სამინისტრო ბიზნესსექტორს პენიტენციურ დაწესებულებებში საწარმოების გახსნის წინადადებით მიმართავს.
ამასთან, ამ შემთხვევაში ბიზნესსუბიექტებს, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებებში საწარმოებს გახსნიან, შესაძლოა, შეღავათები დაუწესდეთ.
შეღავათების დაწესებაზე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო იმ ინიციატივის ფარგლებში მუშაობს, რომლითაც მსჯავრდებულები პენიტენციურ დაწესებულებებში დასაქმდებიან, დასაქმების შესაბამისად კი, დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდებათ.
როგორც “ინტერპრესნიუსს“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, ალექსანდრე დარახველიძემ განუცხადა, კანონპროექტი, რომელზეც უწყება მუშაობს, მოცულობითია და მასში დიდი ალბათობით, საუბარი იქნება როგორც საგადასახადო შეღავათებზე, ასევე სხვა სახის წახალისებასა და პრივილეგიებზე.
„ამ კანონპროექტზე ორი მიმართულებით ვმუშაობთ. ერთია დასაქმების შესაძლებლობა და მეორე ბიზნესის დაინტერესება. ცხადია, ბიზნესს არ აქვს დიდი დაინტერესება, რომ შექმნას საწარმოები პენიტენციურ დაწესებულებებში, მაგრამ თუკი საკანონმდებლო დონეზე გარკვეული შეღავათები დაწესდება, რისი არაერთი შემთხვევა ევროპულ ქვეყნებში არსებობს, ეს დაინტერესება შეიძლება გაჩნდეს. საუბარია კონკრეტული საგადასახადო შეღავათების დაწესებაზე, სხვადასხვა უპირატესობის მინიჭებაზე და ა.შ. ბიზნესის მოტივაციას, შესაძლოა, ხელი შეუწყოს მუშა ხელის დაბალმა ანაზღაურებამაც. სამინისტრო ასევე მუშაობს იმაზე, რომ საჭიროების შემთხვევაში, პირდაპირ ასეთი კომპანიებისგან შეისყიდოს ის პროდუქცია, რაც სამინისტროს გამართულ ფუნქციონირებას სჭირდება. ეს მექანიზმები, ჩვენი აზრით, ხელს შეუწყობს იმას, რომ დაწესებულებებში, დასაქმების კერები გაიზარდოს და ის მზარდი მოთხოვნები, რომლებიც იქნება მსჯავრდებულების მხრიდან დასაქმებაზე, ეტაპობრივად დავაკმაყოფილოთ“, - განაცხადა დარახველიძემ.
მისივე თქმით, სამინისტრო ასევე დასასაქმებელი მსჯავრდებულების კვალიფიკაციაზეც იზრუნებს და ამ რეგულაციებს კანონში გაწერს. დარახველიძის თქმით, პირველ ეტაპზე კომპანიებს, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებებში საწარმოებს გახსნიან, ზღვრული რაოდენობის კვალიფიციური კადრების დასაქმების უფლებაც ექნებათ, რომლებსაც ციხის გარედან აიყვანენ.
„როდესაც სამინისტრო გასცემს შესაბამის ნებართვას, პენიტენციურ დაწესებულებაში საწარმოს შექმნაზე, ბუნებრივია, ჩვენ ჩავდებთ იმის პირობასაც, რომ მსჯავრდებულს ასწავლონ პროფესიები. კარგია, რომ სასჯელის მოხდის დროს დასაქმებული იქნება მსჯავრდებული, მაგრამ დამატებით, მან უნდა შეიძინოს ახალი პროფესია, რომლითაც გათავისუფლების შემდეგაც შეძლებს დასაქმებას. პირველ ეტაპზე, ალბათ, კომპანიებს, ზღვრული ოდენობის ფარგლებში მიეცემათ საშუალება, რომ გარედანაც შემოიყვანონ კვალიფიციური სპეციალისტები, რათა ასწავლონ მსჯავრდებულებს მუშაობა“, - განაცხადა დარახველიძემ.
რაც შეეხება ინიციატივის კანონპროექტად ქცევას და პარლამენტში ინიცირებას, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ვარაუდობს, რომ საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტის ინიცირება 2018 წლის საგაზაფხულო სესიაზე მოხდება.