„სილქნეტი“ „ჯეოსელს“ 153 მილიონ დოლარად ყიდულობს

კომპანია „სილქნეტი“ „ჯეოსელს“ 153 მილიონ დოლარად ყიდულობს. ამის შესახებ, „სილქნეტმა“ დღეს  ოფიციალურად განაცხადა.

მათი ცნობით, „ჯეოსელის“ აქციონერებთან: Telia Company-სა (STO:TELIA) და Turkcell-თან (NYSE: TKC, IST: TCELL) შეთანხმება უკვე მიღწეულია. ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შესყიდვის დასრულება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხრიდან თანხმობის მიღების შემდეგ 2018 წლის პირველ ნახევარშია დაგეგმილი.

"სილქნეტის" ცნობით, საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი გარიგების შედეგად სრული სპექტრის სატელეკომუნიკაციო კომპანია იქმნება, რომელიც სილქნეტის ინტერნეტის, საკაბელო ტელევიზიის და ფიქსირებული სატელეფონო კავშირის მომსახურებას “ჯეოსელის” მობილურ სერვისებთან აერთიანებს.

მათივე ცნობით, გარიგების ღირებულებამ შეადგინა 153 მლნ. აშშ დოლარი. დაფინანსება მოხდება თიბისი ბანკის ქართული და მის მიერ ორგანიზებული რეგიონალური ბანკების სესხითა და სილქნეტის საკუთარი კაპიტალით. ქვეყანაში უმსხვილესი ფიქსირებული ოპერატორი “სილქნეტისა” და მობილური ოპერატორი “ჯეოსელის” გაერთიანებით საქართველოში იქმნება სრულმასშტაბიანი სატელეკომუნიკაციო კომპანია.

“სილქნეტი” Orange Alliance-ის წევრია, რომელიც საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კომპანიების განვითარებასა და მათი სამუშაო ეფექტიანობის ზრდას უწყობს ხელს და მათ საშუალებას აძლევს მსოფლიო კლასის წამყვანი ოპერატორის გამოცდილებითა და ტექნოლოგიებით ისარგებლონ.

„სილქნეტისა“ და „ჯეოსელის“ გაერთიანება ქართველ მომხმარებელს საშუალებას მისცემს, მიიღოს ინტერნეტი, საკაბელო ტელევიზია, მობილური და ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების კომბინირებული შეთავაზებები, “სილქნეტის” ექსკლუზიურ კონტენტზე მობილური წვდომის ჩათვლით,"-ნათქვამია განცხადებაში.

"გარიგება საშუალებას გვაძლევს შევქმნათ ინტეგრირებული სატელეკომუნიკაციო ოპერატორი, რომელიც ფიქსირებულ და მობილურ ქსელებს ფლობს. გაზრდილი მასშტაბი საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებთან კომპანიის უკეთეს წვდომას უზრუნველყოფს, რაც დამატებითი ინვესტიციებისა და ახალი ტექნოლოგიების მუდმივ განვითარების საშუალებას იძლევა. ჩვენი აბონენტები ამის შედეგად კიდევ უფრო დიდ სარგებელს მიიღებენ, ვინაიდან ჩვენი უმთავრესი მიზანია ქართველ მომხმარებელს მივაწოდოთ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის პროდუქტები, სერვისები და კონტენტი.  მივესალმებით „სილქნეტისა“ და „ჯეოსელის“მაღალი პროფესიონალიზმით და კორპორატიული კულტურით გამორჩეული გუნდების შეერთებას. ეს გარიგება აგრძელებს ჩვენი ჯგუფის მრავალწლიან ტრადიციას, რომელიც გულისხმობს საქართველოს ინტეგრირებას დანარჩენ მსოფლიოსთან და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარებაში", -განაცხადა „სილქნეტის“ და მისი დამფუძნებელი კომპანიის “სილქ როუდ ჯგუფი”-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი რამიშვილმა.