„სილქნეტის“ მიერ „ჯეოსელის“ შესყიდვის შემდეგ მობილური კავშირგაბმულობის ბაზარზე „სილქნეტის“ აბონენტების წილი 35,3%-მდე გაიზრდება.
39,4%-ით პირველ ადგილზე ისევ „მაგთიკომი“ დარჩება. შედეგად, აბონენტების 74,7% სწორედ ამ ორ კომპანიაზე გადანაწილდება.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულია 5 001 409 აბონენტი. აქედან „მაგთიკომის“ მომხმარებელია 1 971 125 აბონენტი, ანუ მთლიანი აბონენტების 39,4%.
დღეისათვის „ჯეოსელს“ 1 751 267 აბონენტი ჰყავს, „სილქნეტს“ – 17 612 აბონენტი. გაერთიანების შემთხვევაში, „სილქნეტის“ აბონენტების რაოდენობა 1 768 889-მდე გაიზრდება, რაც ბაზრის 35,3%-ს შეადგენს.
რაც შეეხება „ვიონი საქართველოს“ (ბილაინი), კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სტატისტიკით, დღეს ამ კომპანიის აბონენტების რაოდენობა 1 260 540-ს შეადგენს, რაც ბაზრის 25,2%-ია.
კომპანია „სილქნეტი“ „ჯეოსელს“ 153 მილიონ დოლარად ყიდულობს. ამის შესახებ, „სილქნეტმა“ დღეს ოფიციალურად განაცხადა. მათი ცნობით, „ჯეოსელის“ აქციონერებთან: Telia Company-სა (STO:TELIA) და Turkcell-თან (NYSE: TKC, IST: TCELL) შეთანხმება უკვე მიღწეულია. ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შესყიდვის დასრულება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხრიდან თანხმობის მიღების შემდეგ 2018 წლის პირველ ნახევარშია დაგეგმილი.
კანონმდებლობის მიხედვით, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კომპანიებს შორის შესყიდვის შეთანხმება უნდა შეისწავლოს და შესაბამისი ნებართვა გასცეს. კომისია გამოიკვლევს, ხომ არ შექმნის გარიგება მონოპოლიური მდგომარეობას ბაზარზე.