პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სამთავრობო პროგრამის “აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსებული საწარმო გახსნა.
როგორც ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურიდან იუწყებიან, შპს „ოცნებამ“, რომელიც მხოლოდ სამშენებლო და სარემონტო მასალების იმპორტირებითა და რეალიზაციით იყო დაკავებული, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით საკუთარი ხისა და ლითონის კარის საწარმო ააშენა და პროდუქციას უშვებს ქართული ბრენდით „მეგადორსი“. საწარმოში ამჟამად 42 ადამიანია დასაქმებული. წარმადობის ზრდასთან ერთად კომპანია წლის ბოლომდე დამატებით 20 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.
პირველ ვიცე-პრემიერს საწარმო მისმა მფლობელმა რაულ გაბაიძემ დაათვალირებინა. დიმიტრი ქუმსიშვილმა ხისა და ლითონის კარის დამამზადებელი საამქროები დაათვალიერა, ასევე გაეცნო კომპანიის მზა პროდუქციას. აღინიშნა, რომ ამჟამად კომპანია თანამშრომლობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ წარმოებაში ხარისხის საერთაშორისო ISO სტანდარტის დასანერგად.
საწარმო აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მანქანა-დანადგარებით. აღსანიშნავია, რომ კომპანია ამ სეგმენტში ლიდერია და მის მიერ წარმოებული პროდუქციით ადგილობრივი ბაზარი სტაბილურად მარაგდება. საწარმოში ამ ეტაპზე სერიულად იწარმოება 100-ზე მეტი სახეობის მაღალი ხარისხის ხის და ლითონის კარი, ასევე მიიღება ინდივიდულური შეკვეთებიც. მიმდინარე პერიოდისათვის საწარმოს წარმადობა შეადგენს თვეში 2000 კარს, თუმცა უახლოეს პერიოდში წარმოების მოცულობა გაიზრდება ორჯერ, რაც კომპანიას მისცემს შესაძლებლობას პროდუქცია ექსპორტზე გაიტანოს თურქეთში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში.
საწარმოს გახსნას ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ნასარიძე დაესწრო.
საწარმო „მეგადორსი“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში სარგებლობს როგორც ფინანსური, ასევე ინფრასტრუქტურული კომპონენტით, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს, ხოლო საწარმოს ასაშენებლად კომპანიას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან 5 184 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადაეცა. სააგენტოს “აწარმოე საქართელოში“ ხელშეწყობით განხო-რციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 2 424 000 ლარს შეადგენს.