თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე ტაქსების სავალდებულო რეგისტრაციას მერიის გაუაზრებელ ინიციატივას უწოდებს. ამის შესახებ ირაკლი ნადირაძემ თბილისის საკრებულოში დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, თბილისის მერმა კახა კალაძემ ახლახან მთავრობის სხდომაზე ტაქსების სავალდებულო რეგისტრაციასთან დაკავშირებით განაცხადა, თუმცა ამ საკითხზე არანაირი იურიდიული დოკუმენტაცია ამ დრომდე არც საკრებულოში და არც პარლამენტში შეტანილი არ არის.
ნადირაძის განცხადებით, მერის მიერ გაკეთდა ზოგადი განცხადებები და არანაირი კვლევა, ან სხვა ტიპის დოკუმენტაცია, რომელიც კონკრეტულ გათვლებზე და სტატისტიკაზე იქნება დამყარებული, წარმოდგენილი არ არის. ნადირაძის თქმით, მათი მოსაზრებით ეს საკითხი გარკვეული დროის შემდეგ უნდა დარეგულირდეს, თუმცა მანამდე მოსახლეობას უნდა ჰქონდეს ისეთი პენსია, როგორიც ევროპულ ქვეყნებშია.
„ჩვენი მოსაზრებაა, რომ გარკვეული დროის შემდეგ ეს საკითხი უნდა დარეგულირდეს, მაგრამ დღეს ჩვენ რომ ვითხოვთ ევროპულ ტაქსს, მანამდე უნდა იყოს ევროპული სოციალური მდგომარეობა, ევროპული პენსია და შემოსავლები. ხელისუფლებამ, იმის ნაცვლად, რომ მკვეთრი ნაბიჯები გადადგას სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად, მოსახლეობას უძვირებს კომუნალურ გადასახადებს, უწესებს ახალ რეგულაციებს. ამ გაუაზრებელი ინიციატივის შემოტანით, ახლა ტაქსის მძღოლების ჯიბეში უნდათ ჩაყონ ხელი“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
მისივე თქმით, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოს სხდომაზე ამ საკითხს დააყენებს.
რამდენიმე დღის წინ, კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისის მერია ტაქსების სავალდებულო რეგისტრაციას დაიწყებს.