"პირველ ეტაპზე, საუბარია ტაქსების რეგისტრაციაზე, რეგულაციები ამ სფეროში შემდეგ შემოვა"

პირველ ეტაპზე, საუბარია ტაქსების რეგისტრაციაზე, რეგულაციები ამ სფეროში შემდეგ შემოვა და ეს სფერო რეგულაციების გარეშე ვერ იქნება , - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ირაკლი ზარქუამ კომენტარი გააკეთა თბილისის საკრებულოში ოპოზიციის მიერ ამ საკითხზე გაკეთებულ განცხადებებზე. ზარქუას თქმით, ოპოზიცია ცდილობს საზოგადოებაში სიტუაცია გაამძაფროს და ნიჰილიზმი შემოიტანოს. მისივე განცხადებით, ამით ოპოზიცია ცდილობს გარკვეული ქულები მოიპოვოს.

ზარქუამ აღნიშნა, რომ მერის ინიციატივა ტაქსებთან დაკავშირებით, პირველ ეტაპზე აღრიცხვიანობის მოწესრიგებას ითვალისწინებს, რათა ვიცოდეთ დედაქალაქში რამდენი ტაქსი მუშაობს.

„ასევე გვინდა შევიმუშაოთ გარკვეული კრიტერიუმები, რათა დედაქალაქის მოსახლეობისა და სტუმრებისთვის გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული იყოს. ეს არის აპრობირებული მეთოდი, რათა ტაქსები გარკვეულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდნენ, ამაზეა საუბარი. რეგისტრაციის მოწესრიგების შემდეგ მივიღებთ ზომებს, როგორ მოვახდინოთ ამ სფეროს ორგანიზება. ამჟამად იგი ქაოსურია“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მისივე თქმით, რეგისტრაციისთვის ტაქსის მძღოლებმა უნდა წარმოადგინონ პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა და სატრანსპორტო საშუალების ე.წ. ტექპასპორტი.

კითხვაზე, მოხდება თუ არა შემდგომ ამ სფეროში რეგულაციების დაწესება, ზარქუას თქმით, რეგულაციები შემდგომ შემოვა.

„ეს სფერო რეგულაციების გარეშე ვერ იქნება. რეგულაციები არის გამოცდილება. არ შეიძლება, რომ გუშინ აღებული მართვის მოწმობით ტაქსის მძღოლი დედაქალაქის მოსახლეობას ემსახურებოდეს, რისკის შემცველია. ამიტომ ვცდილობთ, საზოგადოების უმეტესობისთვის, როგორც იქნება უმჯობესი, სწორედ ეს პოლიტიკა გავატაროთ, მიუხედავად იმისა, ეს პოპულარული იქნება თუ არაპოპულარული“, - განაცხადა ზარქუამ.

როგორც ცნობილია, თბილისის მერია ტაქსების სავალდებულო რეგისტრაციას დაიწყებს.