პოპულარულმა სერვისმა TripAdvisor-მა ყოველწლიური ჯილდოს Travellers' Choice შედეგები გამოაქვეყნა. საიტის სპეციალისტებმა ტურისტების გამოხმაურებებისა და შეფასებების შედეგად საუკეთესო სასტუმროების ათეული დაასახელეს.
წელს ჩამონათვალში ლიდერ პოზიციაზეა სასტუმრო Viroth კამბოჯაში, სადაც ერთი ღამის გატარება 100$ ღირს. მომხმარებელთა მხრიდან Viroth-ის არჩევანი მხოლოდ ფასით არ აიხსნება, სასტუმროს საუკეთესო განლაგება აქვს, მისი ინტერიერი თანამედროვეა და ამასთან, მორთულია ადგილობრივი არტეფაქტებით. ასევე ხელმისაწვდომია უფასო Wi-Fi, ღია 20 მეტრიანი აუზი და SPA-სალონი.
რეიტინგში მეორე ადგილზე გავიდა კოსტა რიკაში მოქმედი სასტუმრო Tulemar Bungalows & Villas. ის „მანუელ ანტონიოს სახელობის ეროვნული პარკის“ ტერიტორიაზეა განლაგებული. სასტუმროს დამსვენებლები დილას პრაქტიკულად, სამოთხის ფრინველებთან ერთად იწყებენ - ფანჯრებთან ირკიბებიან კოლიბრები და ტუკანები. ხოლო ბუნებასთან სიახლოვის სიხარული ასევე ხელშეწყობილია პროფესიონალი პერსონალის მხრიდან. ამ სასტუმროში ერთი დღე-ღამის გატარება 280$-დან იწყება.
მესამე ადგილზე ინდოეთის შტატ რაჯასტანის ქალაქ ჯოჯხპურში მდებარე სასტუმრო „უმაიდ ბჰავანი“ მოხვდა. სასტუმრო, რომელიც Taj Hotels-ის ქსელის მართვაშია, 1972 წლიდან ფუნქციონირებს. „უმაიდ ბჰავანი“ არ არის იაფი სასტუმრო და მასში ერთი დღე-ღამის გატარებაში სულ ცოტა 850$-ის გადახდა მოგიწევთ.
რეიტინგის მეოთხე პოზიციაზეა ვიეტნამური Hanoi La Siesta Hotel & Spa. ის დაბალბიუჯეტიანი სასტუმროა, სადაც ფასები 100 დოლარიდან იწყება. ეს პაწაწინა სასტუმრო ჰანოის ცენტრშია განთავსებული, სადაც მთელი ღამე სიცოცხლე ჩქეფს. თავად სასტუმროს დამსვენებლს კი მეგზურობას უწევს ერთი ინდივიდუალური მენეჯერი, რომელიც პირველი კლასის დასვენებას უზრუნველყოფს.
რეიტინგის ხუთეულშია Gili Lankanfushi, რომელიც მალდივის კუნძულებშია ჩამალული. ნომრები ცალკე მდგომი ვილების სახით ზღვის ნაპირზე ცოტა ვინმეს თუ დატოვებს გულგრილს. თუმცა სასტუმროში გატარების ღირებულება საკმაოდ მაღალია, ის 2500$-დან იწყება.
მეექვსე პოზიციაზეა სასტუმრო Belvedere. სეზონური სასტუმრო რიჩონეში (იტალია), რომელიც მხოლოდ ზაფხულშია ღია, როცა იტალიური პეიზაჟები მზის სხივებითა და სიმწვანით ივსება. მას შემოგარენის ველოტურები და ლამაზი ნომრები გამოარჩევს, რომელიც იტალიური სოფლების სტილშია გადაწყვეტილი. სასტუმროში ერთი ღამის გატარებაში 200$-ის გადახდა მოგიწევთ.
მეშვიდე ადგილზე კი გახლავთ ამერიკული სასტუმრო The Nantucket Hotel & Resort. ეს სასტუმრო განლაგებულია ჰავაის კუნძულ ნანტაკეტის ცენტრში, ზღვის ნაპირთან, სასტუმროსთან და სავაჭრო ცენტრებთან ძალიან ახლოს. სასტუმრო სახელგანთქმულია მისი სტუმართმოყვარეობით და სხვა ხელმისაწვდომი მომსახურებით. სასტუმროში ნომრის ღირებულება 200$-დან იწყება.
რეიტინგში მერვე ადგილზეა სასტუმრო La Reserve Paris. მისი ხუთვარსკვლავიანი ნომრები ნამდვილად თვალისმომჭრელია და მას შეიძლება შეხვდეთ სხვადასხვა ფილმების სიუჟეტებში, რომლებიც გასული სუკუნის 50-იან წლებში გადაიღეს. სასტუმროში ნომრის ღირებულება 1200$-დან იწყება.
მეცხრე ადგილზეა Nayara Springs, მეორე სასტუმრო ამ ათეულში კოსტა რიკადან. სასტუმროს ნომრები, რომლებიც ხისგან, მინისგან და ქვისგანაააა შექმნილი, გარშემორტყმულია მწვანე ჯუნგლებით. ტროპიკულ ჯუნგლების შუაგულში ღამის გატარება 850$ ღირს.
და ბოლოს, მეათე ადგილზე გახლავთ Hanoi La Siesta Hotel Trendy. კიდევ ერთი ვიეტნამური სასტუმრო ამ ათეულში. ის არის დაბალფასიანი სასტუმრო, სადაც ერთ დღე-ღამეში მხოლოდ 95$-ის გადახდა მოგიწევთ. სასტუმრო ზედგამოჭრილია მათთვის, ვისაც უნდა ვიეტნამის დედაქალაქის ცხოვრებაში ჩაეფლოს.
კოკა კვირკველია