ლომბარდები ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მოექცევა

დაწესებულებებს, რომლებიც 20-ზე მეტ პირზე გასცემს სესხს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის ვალდებულება უჩნდებათ.

ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა მურთაზ კიკორიამ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში, „საქმე“ განაცხადა.

კიკორიას განცხადებით, ეროვნულ ბანკს ამ კომპანიებზე მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით მოთხოვნები დაწესების უფლება ექნება.

„ყველა დაწესებულება, ონლაინ სესხის გამცემი თუ სხვა კომპანია, რომელიც 20-ზე მეტ პირზე გასცემს სესხს, ვალდებული იქნება ეროვნულ ბანკში დარეგისტრირდეს. ამ მიმართულებით ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმართ უკვე გაწერილია მთელი რიგი ვალდებულებები და ცვლილებების შედეგად, ყველა სესხის გამცემი კომპანია, მათ შორის ლომბარდები ერთიან სტანდარტს დაექვემდებარება. ჩვენი სურვილია, რომ როდესაც დაწესებულება სესხს გასცემს, გაითვალისწინოს მსესხებლის კრედიტუნარიანობა, ანუ შეამოწმოს რა შემოსავალი აქვს და არის თუ არა გადახდისუნარიანი,“-აღნიშნა კიკორიამ.

მისივე თქმით, 2018 წლის 1 სექტემბრამდე, ეროვნულმა ბანკმა 20-ზე მეტ პირზე სესხის გამცემ კომპანიებს, რეგისტრაციის წესები უნდა განუსაზღვროს, ხოლო რეგისტრაციის ვალდებულება 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.