მსოფლიო ბანკის ჯგუფმა საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია შეიმუშავა

მსოფლიო ბანკის ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ 2014-2017 წლების საქართველოსთან თანამშრომლობის სტრატეგია განიხილა.

მსოფლიო ბანკის ჯგუფის აღნიშნული ოთხწლიანი თანამშრომლობის პროგრამა ქვეყანას სიღარიბის შემცირების და საერთო კეთილდღეობის ზრდის საქმეში მდგრადი შედეგების მიღწევაში დაეხმარება.

საქართველოსთან თანამშრომლობის სტრატეგია ორ მთავარ სფეროს გამოყოფს, რომელთა დახმარებით ზემოთხსენებული ამოცანების მიღწევა უნდა მოხდეს: სახელმწიფო მომსახურების მიწოდების გაუმჯობესება ყოვლისმომცველი ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად და გაუმჯობესებული კონკურენტუნარიანობის მეშვეობით, კერძო სექტორის განვითარებაზე დაფუძნებული სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა.

აღნიშნული თანამშრომლობის სტრატეგია საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიასთან - საქართველო 2020 თანხვედრაშია. საერთო მიზანი უფრო სწრაფი, ყოვლისმომცველი და მდგრადი ეკონომიკური ზრდის მიღწევასა და ამავე დროს, სოციალურ შედეგებსა და სიღარიბის შემცირებაზე უფრო მეტი ყურადღების გამახვილებაში მდგომარეობს.

ახალი სტრატეგიის მიხედვით, მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ დაახლოებით 1.2 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარება იქნება გამოყოფილი, რომელიც რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის სესხებისგან, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC-ის) ინვესტიციებისა და მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოს მიერ გაცემული დაზღვევისგან შედგება.

როგორც მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ჰენრი ქერალიმ განაცხადა, მსოფლიო ბანკის ჯგუფის მხარდაჭერის მიზანია ქვეყანას საშუალება მიეცეს, გამოიყენოს მის წინაშე არსებული შესაძლებლობები ეკონომიკური ზრდის, დასაქმებისა და ინკლუზიის კუთხით.

IFC, მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, კვლავ გააგრძელებს საინვესტიციო და საკონსულტაციო პროექტებს, რომელთა პრიორიტეტი მცირე ბიზნესისთვის საჭირო დაფინანსების წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, კონკურენტუნარიანი ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობა, ასევე აგრობიზნესის და განახლებადი ენერგიის განვითარებაა.

"ჩვენი აზრით, ყოვლისმომცველი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის საუკეთესო საშუალება სამუშაო ადგილების შექმნაა, რაც საქართველოში ძირითადად კერძო სექტორის მიერ უნდა განხორციელდეს", - განაცხადა IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში თომას ლუბეკმა.

მისივე თქმით, შესაბამისად, IFC იმ სფეროებში მოღვაწე კერძო კომპანიებს გაუწევს დახმარებას, რომლებშიც ქვეყანას კონკურენტული უპირატესობა გააჩნია.