გასულ კვირას, პრობლემური აქტივების ბიუროს დირექტორმა ლაშა ნოზაძემ განაცხადა, რომ „იმ შემთხვევაში, თუ სესხის ამღები პირი გარდაიცვალა, სესხის ამომღებ კომპანიას ამ სესხის მოთხოვნის უფლება აქვს“.
აღნიშნულ განცხადებას საზოგადოებაში დიდი რეზონანსი მოჰყვა. საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ის ადვოკატი ანა გორდეზიანი განგიმარტავთ, რა ვალდებულებებს იძენს მემკვიდრე მამკვიდრებლისგან სამკვიდრო ქონების მიღებით.
გორდეზიანის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოქმედი რედაქციით, მემკვიდრეები მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონების მიღებით იძენენ როგორც აქტივებს (მოძრავი ან უძრავი ქონება), ისე პასივებს (ვალები).
„მემკვიდრე ვალდებულია, მთლიანად დააკმაყოფილოს მამკვიდრებლის კრედიტორთა მოთხოვნები, მაგრამ მხოლოდ სამკვიდროს სახით მიღებული აქტივის ფარგლებში.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი მამკვიდრებლის კრედიტორებისთვის სამკვიდროს გახსნის შესახებ შეტყობინების ვალდებულებას აკისრებს სწორედ მემკვიდრეებს, იმ შემთხვევაში, თუ მათთვის გარდაცვლილის ვალების შესახებ ცნობილია.
მამკვიდრებლის კრედიტორებმა მემკვიდრეებს მოთხოვნა უნდა წარუდგინონ ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის სამკვიდროს გახსნის შესახებ გახდა ცნობილი. კრედიტორების მიერ მოთხოვნის წარდგენის ვადა არ ვრცელდება იმ დანახარჯების მოთხოვნებზე, რაც გამოწვეული იყო მამკვიდრებლის უკანასკნელი ავადმყოფობის დროს მოვლითა და მკურნალობით, ხელფასის გასტუმრებით, დაკრძალვით, სამკვიდროს დაცვითა და მართვით, ასევე მესამე პირების მოთხოვნებზე – ქონებაზე საკუთრების უფლების ცნობის და მათი კუთვნილი ქონების გამოთხოვის თაობაზე.
აღსანიშნავია, რომ არსებული კანონმდებლობით, მოთხოვნების დაკმაყოფილებისას მამკვიდრებლის კრედიტორებს უპირატესობა აქვთ მემკვიდრის კრედიტორებთან. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ უმკვიდრო ქონების სახელმწიფოზე გადასვლისას სახელმწიფო პასუხს აგებს უმკვიდრო ქონების შესაბამისი ნაწილით მამკვიდრებლის ვალებზე ისე, როგორც მემკვიდრე,“-აღნიშნავს იურისტი.
ამასთან, ანა გორდეზიანი თქმით, პრაქტიკაში საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია ბანკთან/არასაბანკო საკრედიტო დაწესებულებასთან სასესხო ურთიერთობის პირობებში მსესხებლის გარდაცვალებისას.
„ასეთ შემთხვევაში კრედიტორს უფლება აქვს მემკვიდრისგან მოითხოვოს მამკვიდრებლის მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულების შესრულება მხოლოდ მიღებული სამკვიდროს ფარგლებში, თუმცა პრაქტიკაში ხშირად ვხვდებით პრობლემას, როდესაც კრედიტორმა არც იცის, რომ მას შეუძლია გადრაცვლილი მოვალის დავალიანების დაფარვა მოსთხოვოს მემკვიდრეს. ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც მემკვიდრეები არ იღებენ სამკვიდროს სწორედ იმ ვალების თავიდან არიდების მიზნით, რის შესახებ მოთხოვნასაც მათ მიმართ აყენებენ კრედიტორები,“-აცხადებს გორდეზიანი.
წყარო: myadvokat.ge