თბილისის 4 საბავშვო ბაღის აღსაზრდელები 11 სხვა ბაგა-ბაღში გადაანაწილეს. 125-ე, 84-ე, 64-ე და მე-19 ბაგა-ბაღები გასულ კვირას ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნების საფუძველზე დაიხურა.
დასკვნების მიხედვით, შენობების ექსპლუატაცია მიზანშეწონილი არ იყო.
ამის გამო, ოთხივე ბაგა-ბაღის 900-მდე აღსაზრდელი იმავე რაიონების სხვა ბაღებში გადაანაწილეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, აღსაზრდელების გადანაწილება მიმდებარე საბავშვო ბაღებში თითქმის დასრულებულია და ხვალიდან სააღმზრდელო პროცესი სწორედ იქ განახლდება.
კერძოდ, მე-19 ბაგა-ბაღის აღსაზრდელები გადანაწილებულები არიან მე- 40, 23-ე და ე.წ. სმენადაქვეითებულთა ბაგა-ბაღში; 84-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელები - 31-ე, 56-ე, 143-ე ბაგა-ბაღში; 125-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელები - 34-ე, 69-ე, 98-ე და 94-ე ბაგა-ბაღში; ხოლო 64-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელები მე-10 ბაგა-ბაღში გადაანაწილეს.
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ასევე გათვალისწინებული იქნება მშობლების სურვილიც, თუ მათ საკუთარი შვილის სხვა ბაღში გადაყვანა მოუნდებათ.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, ყველა ჯგუფი შენარჩუნებულია და აღმზრდელებიც არ შეიცვლებიან. ასევე, გაგრძელდება ბაგა-ბაღების დაფინანსება და საკვებით მომარაგების საკითხი არ შეფერხდება.
თავდაპირველად, ცნობილი იყო, რომ თბილისში სამი საბავშვო ბაღი( N125, N19 და N84) წყვეტდა ფუნქციონირებას, თუმცა ამ სიას 64-ე ბაგა-ბაღიც დაემატა.