საზოგადოებრივი ტრანსპორტის ისტორია მე-18 საუკუნეში იწყება.
მის განვითარებაზე გავლენას ახდენდა როგორც პოლიტიკური ვითარებანი, ასევე ტექნოლოგიური სიახლეები. ჩვენი რესპონდენტი, ურბანული ლაბორატორიის ხელმძღვანელი გიორგი ბაბუნაშვილი გვიამბობს:
- პირველი ტრანსპორტი, რომლითაც თბილისში გადაადგილდებოდნენ და ტვირთი გადაჰქონდათ, იყო ურემი, ასევე ტივი და ბორანი. სხვათა შორის, მტკვარზე უკანასკნელი ბორანი დიდუბის ხიდის აშენების შემდეგ, 1956 წელს გაუქმდა. მე-19 საუკუნეში შემოდის ეტლები - 1880-იან წლებში, თბილისში 550-ზე მეტი სამგზავრო ეტლი და 700-მდე ტვირთის გადასატანი ოთხთვალა ურიკა იყო. ნელ-ნელა ეტლმა თანამედროვე ტაქსის ფუნქცია შეითავსა. გაჩნდა ეტლების ბირჟა. ქალაქგარეთ რუსეთშიც კი დადიოდნენ ომნიბუსებით და დილიჟნებით - ამ დიდ ოთხცხენა ეტლში 20-მდე მგზავრი ეტეოდა. გზადაგზა, საფოსტო სადგურებში დაღლილ ცხენებს ცვლიდნენ.
- რკინიგზა როდის ჩნდება?
- 1872 წელს პირველი მატარებელი წავიდა თბილისიდან ფოთისკენ. 1883 წელს "კონკის" ქსელი ჩნდება, რომელიც ჩვენში ბელგიურმა კომპანიამ შემოიტანა. პირველი ელექტროტრამვაიც მათ შემოიყვანეს. ფუნიკულიორიც (1900-1905 წწ.) ბელგიელების აშენებულია. იქ ახალი პრესტიჟული უბნის, მთაწმინდის პლატოს გაშენებას გეგმავდნენ, რაც ვერ მოხერხდა. ამ კომპანიას უკავშირდება კიდევ ერთი პროექტი - სოლოლაკი-კოჯრის დამაკავშირებელი ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა, რომელზეც ელექტროფიცირებულ "კუკუშკას" უნდა ევლო, მაგრამ ისიც ვერ განხორციელდა. სოლოლაკიდან დაწყებული მარშრუტი, ბოტანიკური ბაღის გვირაბის გავლით (ის უნდა გაფართოებულიყო) კოჯორში სრულდებოდა. 30-იან წლებში კომუნისტებიც ეცადნენ პროექტის სრულყოფას, თუმცა იმდროინდელი ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ძალისხმევით დაიბლოკა - 20 მეტრი სიგანის ლიანდაგის გაყვანა ბაღის ტერიტორიაზე უნიკალურ მცენარეებს შეიწირავს, ლიანდაგებს გადარჩენილ კულტურებს კი გვირაბის გაფართოების შედეგად შეცვლილი ქარის მიმართულება გაანადგურებსო.მალე "კონკაც" არასაკმარისი აღმოჩნდა ქალაქის მზარდი მოსახლეობისთვის. 1910 წლისთვის ის ელექტროტრამვაიმ შეცვალა. 1934 წელს ტრამვაის ავტობუსები დაემატა, 1937 წელს პირველად გამოჩნდა ტროლეიბუსები. მიუხედავად ამისა, ტრამვაი მაინც ყველაზე პოპულარული ტრანსპორტი იყო.
არსებობს საინტერესო სტატისტიკა - 1940 წელს ტრამვაის თბილისში 193 მილიონი მგზავრი გადაუყვანია. დღეს დაახლოებით 105 მილიონი მგზავრი გადაჰყავს ყოველწლიურად მეტროს, რომლის მშენებლობაზე საუბარი მეორე მსოფლიო ომამდე მიმდინარეობდა.
1951 წელს ლიკანში მყოფ სტალინს კანდიდ ჩარკვიანი ესაუბრა, - თბილისის მოსახლეობა მატულობს, თუ დღესვე არ დავიწყეთ მეტროს მშენებლობა, სატრანსპორტო კოლაფსი შეიქმნებაო. სტალინი დაჰპირდა, საკითხს პოლიტბიუროს სხდომაზე დავაყენებო. 1952 წლის აგვისტოში შეიქმნა თბილგვირაბმშენის სამმართველო და დაიწყო მშენებლობა, რომელიც სტალინის გარდაცვალებისთანავე შეწყდა. ვასილ მჟავანაძის ხელდასხმით, საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე გივი ჯავახიშვილმა უფლება მისცა თბილგვირაბმშენის ხელმძღვანელ ვიქტორ გოცირიძეს, აეგოთ თავდაცვითი ობიექტები, მაგრამ ისე, რომ მეტროს სტანდარტებს არ დაშორებოდა. წლების შემდეგ მოსკოვის კომისიამ დაადგინა, რომ ეს მშენებლობა საეჭვოდ აგონებდათ მეტროს. მოსკოვში გამოიძახეს გივი ჯავახიშვილი და ვიქტორ გოცირიძე. ისინი წინასწარ სათითაოდ შეხვდნენ ამ პროექტისადმი მეტ-ნაკლებად კეთილად განწყობილ კომისიის წევრებს, ქართული ღვინის თანხლებით ისაუბრეს და დაარწმუნეს, რომ რადგან თანხები იხარჯება, ჯობს აშენდეს ორმაგი დანიშნულების ნაგებობა, სატრანსპორტოც და თავდაცვითიცო. საბოლოოდ, კომისიამ ქართველებისთვის სასურველი დადგენილება მიიღო. 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა თბილისის მეტროს პირველი უბანი (6 სადგური რუსთაველიდან დიდუბემდე), რომელიც ნელ-ნელა გაიზარდა. 1979 წელს გაიხსნა საბურთალოს ხაზი. მესამე ხაზის (რუსთაველი-ზაარბრიუკენის მოედანი-ელია-მეტრომშენი-ვაზისუბანი) მშენებლობა 80-იანი წლების II ნახევარში დაიწყო. განზრახული იყო მოსკოვის პროსპექტისა და ფონიჭალის მიმართულებით გაგრძელებაც, მეორე მხრივ, ის ვაკე-საბურთალო-დიღომი-დიდი დიღმის მიმართულებით უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ საბჭოთა კავშირი დაიშალა და ეს პროექტებიც გაჩერდა.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ თბილისის მეტროს მხოლოდ 2 სადგური შეემატა. 2000 წელს "ვაჟა-ფშაველა", 17 წლის შემდეგ - "უნივერსიტეტი".
- პირველი ტაქსი როდის გამოჩნდა?
- 30-იან წლებში. დღეს დაახლოებით 30 ათასამდე ტაქსი მოძრაობს.პირველი საბაგირო გზა თბილისში 1958 წელს გაიხსნა.
იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრის" 29 იანვრის ნომერში
ან გახდით საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია