ავეჯისა და სახლის აქსესუარების მწარმოებელი კომპანია IKEA-ს დამფუძნებელი ინგვარ კამპარდი 92 წლის ასაკში საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
როგორც კომპანიის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, მათი დამფუძნებელი იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პიროვნება მეოცე საუკუნეში და ის უყვარდათ არა მხოლოდ ოჯახის წევრებს, არამედ თანამშრომლებსაც.
ცნობისათვის, კამპარდმა IKEA ჯერ კიდევ 17 წლისამ დააარსა და შეძლო ის გაეხადა მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ბიზნესი ვაჭრობის სფეროში. კომპანიის მართვას კამპარდი 1980-იან წლებში ჩამოშორდა, თუმცა ირიცხებოდა მის მრჩეველებს შორის.
მიუხედავად იმისა, რომ კამპარდი ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი იყო მსოფლიოში, ის საკმაოდ ხელმომჭირნედ ცხოვრობდა, ტანსაცმელს მეორადებში ყიდულობდა და როდესაც ეკითხებოდნენ, თუ რატომ იქცეოდა ასე, პასუხობდა, რომ სწორედ ასეთი ეკონომიის შედეგად შეძლო მან IKEA მსოფლიო ტოპ-ბრენდად ექცია.
BBC აღნიშნავს, რომ ახალგაზრდობაში კამპარდი შვედურ ნაცისტურ მოძრაობაში ირიცხებოდა. 1940-იან წლებში ის ამ ორგანიზაციისთვის თანხებს აგროვებდა და ახალ მომხრეებს აწევრიანებდა. თუმცა სამომავლოდ ბიზნესმენმა მის ამ საქციელს ცხოვრების უდიდესი შეცდომა უწოდა.
კოკა კვირკველია