„შარშან კვირა არ გასულა, რომ სავალუტო ჯიხურებში ტურისტები არ მოეტყუებინათ“ - რა ელით ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს

„შარშან, კვირა არ გასულა, რომ სავალუტო ჯიხურებში ფულის გადახურდავებისას ტურისტები არ მოეტყუებინათ“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა მურთაზ კიკორიამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ეროვნული ბანკის“ შესახებ კანონში შესული ცვლილებებით, ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს მაღალი მოთხოვნები დაუწესდებათ.

„სავალუტო ჯიხურებზე ზედამხედველობა შეზღუდული იყო და მხოლოდ ფულის გათეთრების ნაწილზე ვრცელდებოდა. ამ ცვლილებებით კი ეროვნულ ბანკს აქვს უფლება, სავალუტო ჯიხურები ფინანსურ შუამავლად განიხილოს და მაღალი მოთხოვნები დაუწესოს. შარშან კვირა არ გასულა, რომ სავალუტო ჯიხურებში ფულის გადახურდავებისას ტურისტები არ მოეტყუებინათ. ახალი რეგულაცია კი საშუალებას გვაძლევს, მომხმარებლის ინტერესების დასაცავად მომსახურების წესები დავადგინოთ.

ასევე დავაწესებთ მოთხოვნებს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მფლობელებისთვის, მათ საქმიანობაზე, გამოცდილებაზე. ეს არ იქნება ისეთი სტანდარტები, როგორიც გვაქვს ბანკების ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, მაგრამ ფინანსური საქმიანობის წარმმართველი პირი ნასამართლევი რომ არ უნდა იყოს, ალბათ, ყველა დამეთანხმება. კანონი მომხმარებელს უფლებას აძლევდა, დროის რაღაც მონაკვეთში სავალუტო ჯიხურისთვის თანხა დაებრუნებინა. დაახლოებით ამგვარი ნორმის კვლავ შემოტანაზე ვფიქრობთ,“- აღნიშნა კიკორიამ.