მიუხედავად ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებისა, ბავშვთა სიკვდილიანობის ზრდა კვლავ პრობლემად რჩება , - ამის შესახებ "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებული რეფორმის შედეგად, საგზაო შემთხვევების რაოდენობა შემცირდა. ასევე შემცირებულია გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობა, თუმცა 2016 წელთან შედარებით გაზრდილია უშუალოდ დაღუპული ბავშვების რიცხვი.
„ჩვენ 2017 წელს ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ მიმდინარე რეფორმის შედეგად, საგზაო შემთხვევათა რაოდენობა 12-14%-ით შემცირდა. მათ შორის, შემცირდა გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობაც, რაც ძალიან დიდი წარმატებაა. თუმცა, მიუხედავად ზოგადი კლებისა, მოზარდების სიკდვილიანობის ზრდა კვლავ პრობლემად რჩება. თუ 2016 წელს, 16 წლამდე 17 მოზარდი დაიღუპა, 2017 ბავშვის გარდაცვალების 23 შემთხვევა იყო. ამ მიმართულებითაა გასატარებელი ღონისძიებები. არც ცნობიერება და არც საკნონმდებლო ბაზა არ გვიწყობს ხელს იმისთვის, რომ მგზავრობის დროს ჩვენი ბავშვები უსაფრთხოდ გადავიყვანოთ ავტომობილით“, - განაცხადა ლალიაშვილმა.
აღნიშნულ კონტექსტში ეკა ლალიაშვილმა ბავშვებისთვის სამგზავრო სავარძლების გამოყენების მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საერთაშორისო გამოცდილებით, შეჯახებისას ან ძლიერი დამუხრუჭებისას სავარძელი ბავშვს დაზიანებისგან 60%-ით იცავს.
„როდესაც ევროპულ ქვეყნებში ბავშვებისთვის სამგზავრო სავარძლის გამოყენების რამდენიმე ათწლეულის გამოცდილება არსებობს, ჩვენ შემთხვევაში ამას კანონი პრაქტიკულად არ არეგლირებს“, - განაცხადა ლალიაშვილიამ.
მისივე თქმით, ამ კუთხით საკანონმდებლო ბაზაზე ფიქრია მნიშვნელოვანი.
„გასათვალისწინებელია, რომ მოძველებული ავტოპარკია და შესაძლოა, მანქანების დიდ ნაწილს უკანა სავარძლებზე ღვედი არ ჰქონდეს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ბარიერი. ჩვენ შეგვიძლია ეტაპობრივად დავიწყოთ ამ ცვლილების შეტანა იმ ავტომობილებისთვის, რომლებსაც ღვედები უკანა სავარძლებზე აქვთ“, - განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.
ეკა ლალიაშვილმა ბავშვების უსაფრთხოდ გადაადგილებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან დეტალებზე გაამახვილა ყურადღება.
„150 სანტიმეტრამდე სიმაღლის, ანუ დაახლოებით 12 წლის ასაკის მოზარდს სჭირდება სპეციალური სამაგრი მოწყობილობა. ეს შეიძლება იყოს ზურგიანი ჩვეულებრივი სავარძელი, ასევე შეიძლება იყოს ასამაღლებელი სავარძელი, რომელსაც ზურგი არ გააჩნია და დიდი ღვედით მაგრდება. 7 წლის ასაკის ზემოთ, თუ ბავშვის წონა 36 კილოზე მეტია, უკვე შეუძლია ასამაღლებელი სკამი გამოიყენოს. 7 წლამდე ბავშვს, წონისა და ზომის მიხედვით სჭირდება სპეციფიური სავარძელი, რომელიც სწორად უნდა იყოს დამონტაჟებული სალონის უკანა მხარეს. ორ წლამდე ბავშვისთვის ეს სავარძელი უნდა იყოს ავტომობილის მოძრაობის საპირისპირო მხარეს დამონტაჟებული, რათა დარტყმის ძალა გადანაწილდეს მთლიანად სხეულზე და არა მაგალითად მარტო კისერზე, რაც აზიანებს ბავშვს“, - განაცხადა ლალიაშვილმა.
ორგანიზაციის "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" ინფორმაციით, 2016 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებისას დაშავდა 1019 16 წლამდე მოზარდი და გარდაიცვალა 17, რაც შეეხება 2017 წელს, დაშავდა 955 და გარდაიცვალა 23 მოზარდი.