დიდი შვიდეული კრემლის მუქარებს აღკვეთს

დიდი ბრიტანეთი ამერიკასა და ევროკავშირთან ერთად ემზადება, რუსეთის მიერ მომხმარებელი ქვეყნების წინააღმდეგ გაზისა და ნავთობპროდუქტების "იარაღად" გამოყენება აღკვეთოს.

ამის შესახებ ინფორმაციას "ინდეფენდენტი" ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, დიდი ბრიტანეთის ენერგეტიკის მინისტრის, ედ დეივის განცხადებით, მომავალ თვეში დევიდ ქემერონი და "დიდი შვიდეულის" სხვა ლიდერები აპირებენ ხელი მოაწერონ "მოქმედების ექსტრემალურ გეგმას" უკრაინის მხარდასაჭერად, იმ შემთხვევაში, თუ მომავალ ზამთარში რუსეთი გაზის მიწოდებას შეწყვეტს.

მისი თქმით, გარდა ამისა შვიდეულმა მიმდინარე კვირას მხარი დაუჭირა გეგმას რუსეთის საწვავზე დამოკიდებულების ეტაპობრივად შემცირების თაობაზე. მინისტრის განცხადებით, შვიდეულის წევრები შეთანხმდნენ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებელია აღკვეთონ კრემლის მუქარები.

გარდა ამისა, ევროკავშირი აპირებს სახსრების ჩადებას ახალი მილსადენების მშენებლობაში ბუნებრივი გაზის დასავლეთიდან აღმოსავლეთში ტრანსპორტირებისთვის.