"საკვალიფიკაციო მოთხოვნებს შევიმუშავებთ, რასაც ბაღების პედაგოგების ხელფასების ზრდა უნდა მოჰყვეს"

საბავშვო ბაგა ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, მას შემდეგ რაც ბაღებში პედაგოგთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები შემუშავდება, პედაგოგების ხელფასების ზრდაზე იქნება საუბარი.

ამის შესახებ კახაბერ გვანცელაძემ თბილისის საკრებულოში განაცხადა, სადაც ამ წუთებში "ნაციონალური მოძრაობის" და ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის შეხვედრა მიმდინარეობს.

ოპოზიცია დაინტერესდა, გაეზრდებათ თუ არა ბაღების პედაგოგებს ხელფასები. თავის მხრივ, გვანცლაძემ უპასუხა, რომ ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.

"მთავარი პრიორიტეტი გახლავთ ხელფასები, თუმცა მას შემდეგ რაც საკვალიფიკაციო მოთხოვნებს შევიმუშავებთ, ამას უნდა მოჰყვეს ხელფასების ზრდა. ამ შემთხევაში უნდა მოხდეს პედაგოგის შეფასება და არა გამოცდა. უნდა შეფასდეს ამა თუ იმ ადამიანის კვალიციკაცია, ეს არ უნდა იყოს სტრესული. ამ შემთხვევაში სტრესულ მეთოდს არ გამოვიყენებთ. ამავდროულად უნდა შემოვიდეს ეიჩარის სტრატეგია.

მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს თანაბარი ანაზღაურება, ვინაიდან ზოგს განსხვავებული კვალიფიკაცია აქვს. ასევე უნდა ამაღლდეს დირექტორის კვალიფიკაციაც. თუმცა ეს პროცესები განხორციელდება მას შემდეგ, რაც გვექნება „ეიჩარ გეგმა", - განაცხადა გვანცელაძემ.