ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, ბაღებში ღვინის ეტიკეტით შეტანილი რძის შეფუთვა ნებისმიერი პროდუქტისთვის გამოიყენება და სრულიად უსაფრთხოა.
როგორც გვანცელაძემ საკრებულოში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეხვედრისას აღნიშნა, შეფუთვა, რომლითაც ბაღებში რძე შევიდა, უმაღლესი ხარისხის იყო და ნებისმიერი ტიპის პროდუქციისთვის გამოიყენება.
"რეალურად კომპანიამ, რომელმაც შემოიტანა რძე, იყო სრულიად უსაფრთხო და ეს დაადასტურა როგორც სურსათის უვნებლობის სააგენტომ, ასევე დადასტურდა ლაბორატორიული კვლევით, რომელიც ჩვენ შევუკვეთეთ. რაც შეეხება შეფუთვას, ჩვენი მონიტორინგის შედეგად აღმოჩნდა, რომ “მიკლოს” შეფუთვაში იყო სხვა შეფუთვა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული პროდუქტი იყო საფრთხის შემცველი. როგორც განგვიმარტეს, იქიდან გამომდინარე, რომ შეექმნათ დეფიციტი უშუალოდ რძის მუყაოს შეფუთვის, გამოიყენეს ეს შეფუთვა. სურსათის უვნებლობის სააგენტომ გვითხრა, რომ ეს შეფუთვა უმაღლესი ხარისხისაა და გამოიყენება ნებისმიერი პროდუქტისთვის“, -განაცხადა გვანცელაძემ.