Deutsche Bank-ი კრიპტოვალუტის ინვესტორებს „სრულ დანაკარგს“ უწინასწარმეტყველებს

Deutsche Bank-ი კლიენტებს მოუწოდებს, რომ არ განახორციელონ ინვესტიციები კრიპტოვალუტაში.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ბანკის საერთაშორისო საინვესტიციო განყოფილების ხელმძღვანელმა მარკუს მიულერმა განაცხადა.

„ჩვენ არ ვურჩევთ ინვესტორებს, რომ თანხა კრიპტოვალუტაში ჩადონ. ეს შეიძლება გააკეთონ მხოლოდ იმ ადამიანებმა, ვინც ინვესტიციებით სპეკულირებს“, - განაცხადა მიულერმა და დასძინა, რომ „არსებობს რეალური საშიშროება, რომ ისინი თანხას სრულად დაკარგავენ“.

რისკებს შორის ბანკის ანალიტიკოსი ასახელებს ვირტუალური ფულის მაღალ არასტაბილურობას, პოტენციურ რისკს ფასების სპეკულაციასთან დაკავშირებით და ასევე, მონაცემების მოპარვას.

მიულერი ბოლო პერიოდში კრიპტოვალუტაზე ფასების ზრდას ბაზრის მოთამაშეების „წარმოსახვით თამაშს“ უწოდებს.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კრიპტოვალუტის ბაზრის მოთამაშეები თანამშრომლობდნენ რეგულატორებთან. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მომავალი 5-10 წლის განმავლობაში ინვესტორებს გაუჩნდებათ კრიპტოვალუტის მიმართ ნდობა. მიულერი აცხადებს, რომ თანამშრომლობა რეგულატორთან იქნება გარანტია იმისა, რომ გარიგებები კრიპტოვალუტის ბაზარზე იქნება „პატიოსანი და უსაფრთხო“.